კა კბ კე კვ კი კლ კო კრ კუ
კაბ კავ კათ კაკ კალ კამ კან კაპ კარ კას კატ

კაბიწი, კაბიწეული

მარცვლეულის საწყაო ხის ჭურჭელი. ივ. ჯავახიშვილის ვარაუდით, კაბიწი ერთ კოდს უთანაბრდებოდა. ქართულ მეტროლოგიაში კაბიწი შეცვალა კოდმა. საწყაოს ეს ერთეული საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული. აჭარაში ძირითადად რძის პროდუქტების შესანახად გამოიყენებოდა. კაბიწეული ჭურჭლისთვის საუკეთესო იყო ცაცხვისა და ნაძვის ხის ყავარი. საკაბიწე ყავარს ადუღებულ წყალში ხარშავდნენ, რის შედეგადაც მასალა „დამყოლი“ ხდებოდა, რაც ფორმის მიცემისთვის აუცილებელი იყო და ამავე დროს, კარგავდა სიმწარეს და აცლიდა ფისს. ოსტატი ცხელ მასალას თავის ნებაზე მოღუნავდა და ყავრის თავებს მაშებით შეკრავდა. ჭურჭლის თავებს სადგისით დახვრეტდა და ნაძვის ფესვისგან დამზადებული თასმით გაკერავდა, ჩაუდგამდა ძირს და ნაძვისავე ფისით გამოგლესავდა. კარგი ნახელავი ჭურჭელი სითხეს არ გაატარებდა და გამზადებული იყო სახმარად. ასეთი წესით მზადდებოდა კაბიწეული ჭურჭლის ტიპები, როგორიცაა: საწველელა, გვარდა, კოთხო, სანაღბე, სამატყლე, საწვრიმალო და სხვა. ემპირიული გამოცდილება ცხადყოფს, რომ ასეთი ტიპის ხის ჭურჭელი საუკეთესოდ ინახავს პროდუქტს, არა მარტო ადგილზე, არამედ ტრანსპორტირების დროსაც. აჭარლები იმდენად დახელოვნებული იყვნენ კაბიწეული ჭურჭლის კეთებაში, რომ მათ შეკვეთები მოსდიოდათ მეგრელი მეჯოგეებისგან. მათი ნახელავი საკმაოდ წარმატებულად იყიდებოდა არა მარტო აჭარასა და გურიაში, არამედ ახალქალაქისა და ახალციხის ბაზრობებზე.
ლიტ.: ალ. დავითაძე, კაბიწეული, „ძეგლის მეგობარი“, ¹59, 1982.
ე. ნ
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9