ჩა ჩე ჩი ჩო ჩრ ჩუ ჩქ ჩხ
ჩიბ ჩივ ჩით ჩიკ ჩირ ჩიქ ჩიჩ ჩიხ

ჩიჩილაკი

საახალწლოდ მორთული ფურფუშელებიანი ხე. ჩიჩილაკისთვის შეარჩევდნენ თხილის ტოტს. კალანდობამდე რამდენიმე დღით ადრე მოჭრიდნენ და შეინახავდნენ. წინა დღეებში ოჯახის უფროსი იწყებდა მის დამზადებას. საჩიჩილაკე ჯოხს ცეცხლზე გარუჯავდნენ, მერე მის დარბილებულ და სათლელად გაიოლებულ ტანს დაუწყებდნენ ათლას ქვევიდან ზევით და ამ ხუჭუჭა ანათალებს, ანუ „წილამურებს“ ზედვე ტოვებდნენ. წარმოიქმნება ხუჭუჭად გამოყვანილი ოვალური ხის იმიტაცია. ჩიჩილაკს თავი ოთხად ჰქონდა შეხეთქილი, სადაც ჯვარედინად იყო ჩამაგრებული ჯოხები - ზედ დამაგრებული სანთლებით. ჩიჩილაკს ამკობდნენ ტკბილეულით, ხილით, ჩურჩხელებით, მარადმწვანე ფოთლებით, წითელნაყოფიანი კურკანტელით, აბრეშუმის ძაფებითა და სამკაულებითაც. დაძინების წინ ოჯახის უფროსი ჩიჩილაკსა და ხონჩას (იხ.) სახლიდან გაიტანდა მარანში ან ბეღელში და თვითონაც იქ დაიძინებდა. ახალი წლის დილას, გამთენიისას გაეშურებოდა წყაროზე, ხელპირს დაიბანდა, წაიღებდა ჩიჩილაკს, ხონჩაზე აანთებდა სანთლებს, დაილოცებოდა, შემოუვლიდა კარ-მიდამოს, საქონლის სადგომებს და გამრავლებას ინატრებდა, მერე მიადგებოდა საცხოვრებელ სახლს და ოჯახის წევრებს მიულოცავდა ახალ წელს. წყალკურთხევამდე (6 იანვარი) ჩიჩილაკს ოჯახში ინახავდნენ, შემდეგ შემოაცლიდნენ ტკბილეულს, ცეცხლში გარუჯავდნენ და ბოსტანში ჩაფლავდნენ - „ბოსტანს ჭია-მატლი ვეღარ გააფუჭებსო“. მიჩნეულია, რომ ჩიჩილაკის რიტუალში ხის თაყვანისცემის უძველესი ჩვეულებაა ასახული.
ლიტ.: ს. მაკალათია, სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, 2006.
ე. ნ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9