(რაჭ.) კალოს იარაღი, სულხან-საბა ორბელიანის მიხედვით: „არნადი-ბზის გასახვეტელია“. ნ. ჩუბინაშვილის ცნობით: „არნადი-არნაბი-ტარიანი ფიცარი ბზისა და ხვავის სახვეტი კალოზე“. არნადი ნაძვის ან ნეკერჩხლის ხისგან მზადდებოდა. ნიჩაბთან შედარებით არნადს უფრო ფართო პირი აქვს, რათა ბზეში არეული მეტი მარცვლეულის აღება შეძლებოდათ. არნადს სოფელში შინა კაცი აკეთებდა. ბედენის გორა-სამარხებში, კერძოდ, ხის აკლდამაში, აღმოჩენილი ფიცრის ნატეხები არქეოლოგ გ. გობეჯიშვილის აზრით, არნადის ნაწილები უნდა იყოს. ეს თუ ასეა, მაშინ არნადი, ჩვენს ტერიტორიაზე ჩვ. წ. აღ-მდე III ათასწლეულის დასასრულისათვის უკვე გამოიყენებული ჩანს, რაც ქართული პურეული კულტურის უძველესობას უსვამს ხაზს.
ლიტ.: გ. გასიტაშვილი, ხითხუროობა აღმოსავლეთ საქართველოში, 1962. გ. გობეჯიშვილი, ბედენის კულტურა, 1982.
გ. გ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3