ლა ლე ლი ლო ლუ ლღ
ლუდ ლულ ლურ ლუს

ლულა

ცეცხლსასროლი იარაღის შემადგენელი ნაწილი. ლულა ცეცხლსასროლი იარაღის განვითარებასთან ერთად იხვეწებოდა. თავდაპირველად ის შიდა სივრცით გლუვი (გლუვლულიანი) იყო, შემდგომ (XVI ს.) დაწახნაგებული, მოგვიანებით კი - ხრახნიანი (შაშხანა).
თოფისა და დამბაჩის წარმოებაში ყველაზე რთული ლულის დამზადება იყო, რაც მეიარაღე-ხელოსნის დიდ ცოდნასა და დახელოვნებას საჭიროებდა.
სალულე რკინას სათანადო სიგრძით გრდემლზე გააბრტყელებდნენ და მოხაპრავდნენ (ე.ი. მილისებურ ფორმას მისცემდნენ). შემდგომ ლულას მთელ სიგრძეზე ნახევარი სანტიმეტრის სისქის გახურებული ფოლადის მავთულს შემოახვევდნენ. ამგვარად დამზადებულ ლულას სიბნელეში შეადუღებდნენ, რადგან ცხელი ლულა სიბნელეში კარგად ჩანს და ამასთან ის ნაწილიც რომელიც უნდა შედუღდეს. მომდევნო პროცესი ლულის მოხვეწა ანუ ლულის ხვრელის წმინდად გაბურღვა - გაფართოებადამისთვის ხრახნისგაკეთება იყო. ლულის გაბურღვა ხდებოდა დაზგაზე, რომელსაც „თოფის ჩარხი“ ეწოდებოდა. თოფის ლულებს ხრახნილს სათანადო ყალიბის საშუალებით უკეთებდნენ. რიკები კბილების მიხედვით ოთხნაირი იყო. პატარაკბილებიანი, რომელიც ლულას ოდნავ გაღარავდა, მომდევნო მსხვილკბილებიანი ღარს გააფართოვებდა და ა.შ. ლულას უმეტეს შემთხვევაში რვაწახნაგიან ფორმას აძლევდნენ. ამის შემდეგ წყალნარევი შაბის ხსნარში „ხარშავდნენ“, რისთვისაც გამოყენებული იყო გრძელი, ცილინდრისებური ფორმის ჭურჭელი (ყუბერი, აჭარ.). ეს პროცესი ბუხრის ან ქურის ცეცხლზე სრულდებოდა და რამდენიმე დღეს გრძელდებოდა. გამოხარშვის შემდეგ რკინისა და ფოლადის გარდიგარდმო შემოხვეული მავთულები ლულას ბზინვარებას აძლევდა. ასეთ ლულიან თოფს აჭარაში „კაჭკაჭლი თოფი“ ერქვა და საკმაოდ ძვირად ფასობდა.
ისტორიულ-ეთნოგრაფიული მონაცემებით, დაახლოებით ასეთივე წესით ამზადებდნენ თოფის ლულას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ჩრდილო კავკასიაშიც. განსხვავებული წესი ყოფილა სამეგრელოში, სადაც თოფის ლულა რკინის გრეხვის წესით უმზადებიათ.
ლიტ.: ნ. რეხვიაშვილი, ქართული ხალხური მეტალურგია, 1964. ნ. კახიძე, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს კულტურა და ყოფა ტ. II, 1974.
მ. ქ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9