ლა ლე ლი ლო ლუ ლღ
ლუდ ლულ ლურ ლუს

ლურჯი სუფრა

ქართული ტრადიციული სუფრის ერთ-ერთი ნიმუში. ამზადებდნენ ბამბის ან სელის ქსოვილისაგან. ნახატის რეზერვაცია აღმოსავლეთიდან შემოსული ცივი, კუბური წესით სრულდებოდა, რომლის მიხედვითაც ცხიმნარევ, სანთლიან ქსოვილზე საჩითავი (იხ.) ყალიბებით ფიგურებს გამოსახავდნენ. ამ წესით სუფრებს სხვადასხვა წესით ღებავდნენ რუსეთსა და ევროპაში, საქართველოში კი მხოლოდ „ლურჯ სუფრებს“ „ჩითავდნენ“.
სელის ქსოვილისაგან დამზადებული სუფრები ბაცი ლურჯი ფერისაა, მისი თეთრი ნახატები ოდნავ ბუნდოვანი, სტილით არქაული, რაც მის ძველ წარმოშობაზე მიუთითებს. შედარებით ახალია ბამბის ქსოვილისაგან ნამზადი სუფრები, რომლებიც მკვეთრი ლურჯი ფერისაა, ნახატები კი - კაშკაშა თეთრი.
სასუფრე ქსოვილის მხატვრული გაფორმება ოსტატის გემოვნებით სრულდებოდა, თუმცა იგი არასოდეს არღვევდა „დაჩითვის“ სპეციალურ სქემას. ასე მაგალითად, აღმოსავლური „მანი“ სუფრის ძირითადი მოტივია, არშიებზე „როზეტები“ და „ვარსკვლავებია“ მოყოლებული ერთმანეთის მონაცვლეობით. ხშირ შემთხვევაში ქსოვილის ცენტრში „მედალიონს“ გამოსახავდნენ, მის გარშემო კი ადამიანის, ცხოველებისა და ფრინველების ფიგურებს. ვხვდებით დანა-ჩანგლის მოტივებსაც. საყურადღებოა სუფრაზე „დაჩითული“ ნადირობის სცენები, უპირატესობა ენიჭებოდა რქებდატოტვილი ირემის „დაჩითვას“ დროშით, რომელზეც მზე, ხან ჯვარი, ხანაც ადამიანი იყო გამოსახული. გარდა დეკორატიული დანიშნულებისა, მოტივებს რიტუალური დატვირთვაც გააჩნდათ, რაც ხალხის მსოფლმხედველობიდან მომდინარეობდა. „ლურჯი სუფრა“ საზოგადოების ყველა ფენისათვის იყო ხელმისაწვდომი.
ლიტ.: ნ. ბრაილაშვილი, ლურჯი სუფრა, 1971.
გ.კ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9