მა მე მზ მი მკ მო მტ მუ მშ მც მძ მწ მჭ მხ
მაგ მაზ მათ მაკ მალ მან მაჟ მარ მას მატ მაფ მაქ მაღ მაყ მაშ მაჩ მაწ მაჭ მახ მაჯ

მათრახი

„ცხენის საწკეპი“ (საბა). ამზადებდნენ სარაჯები და მწყემსები. საქართველოში მათრახის დამამზადებებლი რამდენიმე გამორჩეული ცენტრი არსებობდა (დუშეთი, ზუგდიდი, სენაკი, აჩიგვარა). მათრახი მზადდებოდა ტყავის, ცხვრის ნაწლავების - „ძალის“ და საქონლის ასოსგან. შედგება ტარისა და ტყავის დაუწნავი ან წნული ენისაგან. სამათრახე შოლტები, ანუ „ხვიანდაგი“ (ქართლ.) საქონლის წელის ტყავისგან მზადდებოდა. სამათრახე ტყავს ყუთუღში (იხ.) ამუშავებდნენ, შემდეგში სპეციალური ჩხირებითა და მჭრელი დანით „ხვიანდაგებად“ დაჭრიდნენ, დააკრავდნენ ხეზე, გააშრობდნენ და დაწნავდნენ. სვანები მათრახის შიგნითა გულისათვის ცხენის ძუას ხმარობდნენ. განსაკუთრებული წესით აკეთებდნენ ცხვრის ნაწლავების - „ძალის“ მათრახებს. პირველ რიგში ცხვრის ნაწლავებს კარგად გარეცხავდნენ, ჯერ ხეზე გამოაბამდნენ, თავში კანაფს მოუჭერდნენ და ნელ-ნელა დაბლა ჩამოსწევდნენ, ნაწლავი რომ დახვეწილიყო, შემდეგ მას ერთი მტკაველის სიგრძის ჯოხზე გადაახვევდნენ, რითაც ელასტიკურობას იძენდა და მერე რამდენიმე შეერთებულ წვერს დაწნავდნენ. ერთი რიგი მათრახებისა მორთული იყო ფოჩებითა და ფუნჯებით. ფუნჯიანი//ფოჩიანი მათრახის დაწვნის დროს დამატებით წვრილი თასმები ჩაეწვნებოდა. საქართველოში გავრცელებული იყო, აგრეთვე, ხარის ასოსგან დამზადებული მათრახები. საქონლის დაკვლისა და გატყავების შემდეგ ასოს დანით მოაჭრიდნენ, გარსს გააცლიდნენ, სიმძიმით დაჭიმავდნენ. ასოს შუაზე გაყოფდნენ და დაგრეხდნენ. საქართველოში დასტურდება საბრძოლო მათრახი, რომელიც ჩვეულებრივი მათრახისგან განსხვავებით მსხვილი და ენაბრტყელი იყო. ასეთ მათრახებში მტრისათვის ზიანის მისაყენებლად მავთულები ყოფილა ჩაწნული. მათრახის ტარი ხის, ძვლისა და ლითონის უკეთებიათ. სატარედ ხმარობდნენ შინდის, რცხილისა და ჯაგის ხეს. ტარზე ორი წვერი თასმა ჰქონდა დამაგრებული თითების ან მაჯის გასაყოფად. ტარზე ხელის უკეთ წასავლებად ზოგჯერ ტყავს ან გასანთლულ მუშამბას შემოახვევდნენ. მათრახის ტარს საგანგებო შემთკვეთისთვის ამკობდნენ ინკუსტრაციით, სევადითა და ზარნიშით. ძველ საქართველოში არსებობდა დასასჯელი მათრახი, რომელსაც „ტაჯგანაგი“ ეწოდებოდა. აფხაზეთში, აჩიგვარა იყო მათრახების ცნობილი ცენტრი.
ლიტ.: ი. ნანობაშვილი ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973.
ნ. ჯ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9