მა მე მზ მი მკ მო მტ მუ მშ მც მძ მწ მჭ მხ
მაგ მაზ მათ მაკ მალ მან მაჟ მარ მას მატ მაფ მაქ მაღ მაყ მაშ მაჩ მაწ მაჭ მახ მაჯ

მაჯაგანი

ტყავის მოსაქნელი. მაჯაგანით მოიქნებოდა წვრილფეხა საქონლის ტყავი. იგი 4 ნაწილისაგან შედგებოდა: მაჯაგანის ხე და პირი (ლითონის), ღვედი, სატერფე და კაპი. მაჯაგანის ხეს გათლილი და მოკაული თავი აქვს, მასში ჩასმულია ლითონი. ხე ბოლოში ჩაჭედილია, რითაც ღვედის საშუალებით იმაგრებს ფეხის ჩასადგმელ რგოლს, რასაც ადრე ტყავისას, მოგვიანებით კი ლითონისას ამზადებდნენ. უკიდურეს შემთხვევაში რგოლი შეიძლება ყოფილიყო წნელისაც. დასამუშავებელ ტყავს ჯერ კისრით დაჰკიდებდნენ ხეზე და ამუშავებდნენ, შემდეგ ბარკლით, დუმითა და ფერდით. მომუშავეს მარცხენა ხელით ტყავი ეჭირა, მარჯვენათი - მაჯაგანის ხე, მარჯვენა ფეხი მაჯაგანის სატერფე კაპში ჰქონდა შედგმული, როცა მას მარჯვენა ხელით მაღლა ასწევდა, ფეხსაც ააყოლებდა, შემდეგ დაბლა დასწევდა, მაჯაგანის პირს ტყავის ნაწილს ჩამოჰკრავდა და ასე აწარმოებდა ტყავის მოქნას. ტყავმა უნდა იტრიალოს, სანამ არ დამუშავდება. უნდა გახდეს ბუმბულივით, „თვალად თეთრი“ და ხელის შეხებით რბილი. ამის მისაღწევად მაჯაგანს ასჯერ მაინც აუსვამ-ჩამოუსვამდნენ ტყავს (ხევი). ადრე მაჯაგანში გამოსაყვან ტყავს მუხლებზე დაიფენდნენ, ოდნავ მოხრილ რკინის დანას უსვამდნენ და ამ გზითაც მოჰქნიდნენ მას. დაბახანაში თრიმლით დამუშავების დროს იყენებდნენ იმავე იარაღს, რასაც მედაბღეები „დემურს“ უწოდებდნენ. ქვ. სვანეთში რკინის დანის ნაცვლად სცოდნიათ არჩვის ან ღორის ყბის ძვლის, ან დაბკილული ხის ხმარება. მაჯაგანში გამოყვანილი ტყავით ტანსაცმელს, თავსაბურავებს, პაჭიჭებს და მისთანათ იკერავდნენ.
ლიტ.: ი. ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973.
ნ. ჯ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9