მა მე მზ მი მკ მო მტ მუ მშ მც მძ მწ მჭ მხ
მოდ მოვ მოთ მოლ მონ მორ მოს

მონარეობა

(კახეთი, შიდა ქართლი, თუშეთი, ფშავი, ერწო-თიანეთი, მთიულეთი, ხევი) - მესაქონლეობასთან დაკავშირებული შრომის ორგანიზაციის დიდმასშტაბიანი ფორმა -მეცხვარეების გაერთიანება. იგი დაკავშირებული იყო მესაქონლეობის ერთ-ერთ ფორმასთან - მთა-ბარობასთან. ეს უკანასკნელი გულისხმობდა ძირითადი დასახლებისაგან ტერიტორიულად მოწყვეტილი ცხვრის ფარებისა და მომვლელი პერსონალის მუდმივ მოძრაობას ცენტრალური და სამხრეთ კავკასიის საზაფხულო საძოვრებიდან აღმოსავლეთ საქართველოს საზაფხულო-საშემოდგომო და საზამთრო საძოვრებისაკენ, და პირიქით. მესაქონლეობის ასეთი მობილური ხასიათის მიუხედავად მთა-ბარობა სტრუქტურულად მჭიდრო სამეურნეო-ეკონომიკურ და ორგანიზაციურ კავშირში იყო მიწათმოქმედებითა და მეურნეობის სხვა დარგებით დასაქმებულ ძირითად მოსახლეობასთან. საქონლის მოვლასთან დაკავშირებულ სამუშაოთა წლიურ ციკლს ოჯახის ერთეული წევრები - მამაკაცები უძღვებოდნენ, რომლებიც ამ მიზნით მონარეობის შრომის ორგანიზაციის ფორმაში იყვნენ გაერთიანებულნი.
მონარეობა იყო სეზონური გაერთიანება. მასში დაახლოებით თანაბარი რაოდენობის ცხვრის პატრონები ერთიანდებოდნენ, რაც განაპირობებდა მათ თანაბარუფლებიანობას. მონარეობაში გამორიცხული იყო დაქირავებული შრომა. ფარას, რომელშიც 3000 ცხვარი შედიოდა, უნდა გაძღოლოდა 15-20 მწყემსი, რაც საბოლოო ჯამში განსაზღვრავდა მონარეების წევრთა რაოდენობას. 1000 სულზე ნაკლები ფარის გადარეკვა ეკონომიკური თვალსაზრისით გაუმართლებელი იყო, ხოლო ფარაში 3000 სულზე მეტი ცხვარი ფარის გაძღოლას აძნელებდა. მხედველობაში იყო მისაღები ის გარემოებაც, რომ ასეთ მრავალრიცხოვან ფარას ემატებოდა დაახლოებით 50-60ცხენი, 20-30 სახედარი, 80-100 თხა.
X|X ს-ის ბოლოს-XX ს-ის დასაწყისში მონარეობა ძირითადად ტერიტორიულ-მეზობლურ გაერთიანებას წარმოადგენდა. მონარეების ორგანიზაცია აპრილიდან, ცხვრის საზაფხულო საძოვრებზე გადარეკვის წინ იწყებოდა. გაერთიანებულ მონარეებს შორის ისეთ პირს, რომელსაც გააჩნდა მეცხვარეობის ორგანიზაციის დიდი გამოცდილება, იცოდა ცხვრის გადასარეკი მარშრუტები, ერკვეოდა საძოვრების ავკარგიანობაში და ა. შ .ბინის თავად - სარქლად ირჩევდნენ. მას ევალებოდა ცხვრის გადარეკვის ორგანიზაცია და შემდეგ საძოვარზე ყოფნის პერიოდში მუშაობის ხელმძღვანელობა.
საძოვრებზე მონარეებს შორის შრომა განაწილებული იყო. გამოყოფილი იყო მესაწველავე (მეწველი საქონლის მწყემსი), ასევე, მებატკნე, მეთოხლე, მებერწე, მებინავე. ამ უკანასკნელს შეშისა და წყლის მიტანა და ბინის დასუფთავება ევალებოდა. ყველის დამზადება სარქლის მოვალეობას შეადგენდა. მას მეკოდე ეხმარებოდა. სარქალი გამოჰყოფდა ბარგობად გასაგზავნ მწყემსებსაც, რომელთაც კვირაში ერთხელ ყველი ცხენებით ბარში უნდა გადაეზიდათ და უკან დაბრუნებისას მარილი და სხვა სურსათი ამოეტანათ..
მონარევენი შემოსავალს მეწველი ცხვრის რაოდენოდის მიხედვით იყოფდნენ. ასევე, ხარჯებსაც (მარილი, ხალი, მგზავრობის დროს გზების და ხიდების შეკეთება და სხვა) ცხვრის რაოდენობის მიხედვით ინაწილებდნენ.
სექტემბრის ბოლოდან მეცხვარეები საზამთრო საძოვრებისკენ იღებდნენ გეზს. ზამთრის საძოვრებზე გადასვლისთანავე მონარეობა იშლებოდა. მონარეობის საზამთრო გაერთიანებას ადგილი ჰქონდა მხოლოდ იმ მეცხვარეებთან, რომლებიც ცხვარს საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებულ საზამთრო საძოვრებზე მიერეკებოდნენ. როგორც საზაფხულო საძოვრებზე ცხვრის გადარეკვას, ასევე იქიდან დაბრუნებას საგანგებოდ აღნიშნავდნენ.
მონარეობა დამყარებული იყო თანაბარუფლებიანობის პრინციპზე, რასაც მისი წევრების საქონლის დაახლოებით თანაბარი რაოდენობა განსაზღვრავდა. გამორიცხული იყო დაქირავებული შრომა. მესაქონლეობასთან დაკავშირებული შრომის ორგანიზაციის ტრადიციული ფორმის პარალელურად X|X ს-ის || ნახევარში სოფლად კაპიტალისტურ ურთიერთობათა განვითარებასთან ერთადჩნდება და მნიშვნელოვან ადგილს იჭერს დიდფარიან მეცხვარეთა მეურნეობები, რომლებიც ძირითადად დაქირავებული მწყემსების მხრიდან, რომელიც ყოველ ღონეს ხმარობდა იმისათვის, რომ დაეცვა წვრილი მეპატრონეები დიდფარიან მეცხვარეთაგან. ამით აიხსნება ის გარემოება, რომ ყველა თემი ცდილობდა საძოვრის გადასახადი ცხვრის რაოდენობის მიხედვით გაენაწილებინა, რითაც აიძულებდა დიდფარიან მეცხვარეებს შეემცირებინათ თავისი ფარები.
ლიტ.: ნ.აზიკური. შრომის ორგანიზაციის ფორმები თუშეთის მეცხვარეობაში. მსე, XX|,თბ;1981; გ. ბოჭორიძე. თუშეთი, თბ;1993 Харадзе Р. Л. Грузинская семейная обшина Т. Б. 1960
თ. გ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9