ხელოსნობის დარგი. ქართველი არქეოლოგებისაგან დადასტურებულია, რომ 3500 წლის წინ ქვემო ქართლში მცხოვრები ადამიანი იცნობდა რკინას, თუმცა მან ჯერ კიდევ არ უწყოდა ამ მადნისაგან მაგარი შენადნობის გაკეთება. ძვ. წ. V ს. საქართველოში უკვე რკინა-ფოლადის დამუშავება მაღალ დონეზეა. მსოფლიო მელითონეობის ისტორიაში უდიდესი წვლილი შეიტანეს ქართველური მოდგმის ტომებმა: ხალიბებმა, მოსხებმა, ტიბარენებმა, თუბალებმა, მაკრონებმა და მოსინიკებმა. მელითონეობის დიდი ცენტრები არსებობდნენ მტკვრის ხეობაში, სვანეთში, ჭოროხის ხეობაში, შავიზღვისპირეთში, რომელსაც ბერძნები პონტოს უწოდებდნენ. ინგლისელი მეცნიერი, მეტალების ისტორიის ერთი დიდი სპეციალისტი, ფორბსი თვლიდა, რომ „საკაცობრიო მნიშვნელობის მოვლენას - ფოლადის აღმოჩენას დასაბამი მიეცა პონტოში“. ამავე დარგის მეორე დიდი მეცნიერი ეიჩისონი მივიდა დასკვნამდე, რომ „ადამიანის მიერ რკინის დამზადების ხელოვნება პირველად ჩაისახა და განვითარდა ხალიბების მიერ.“ თავად ბერძნები საუკეთესო რკინას ახლაც „ხალიბოს“ ეძახიან. ამავე ტომებმა მიაგნეს, გადაამუშავეს და გააუმჯობესეს კალის, თითბირის, სპილენძის, ვერცხლის, ტყვიისა და ოქროს მეტალები. სპილენძისა და ბრინჯაოს სახელწოდება ევროპულ ცნებაში შევიდა მოსინიკების (ფუძე მეს) მიხედვით, რომელნიც ევროპელი მეცნიერების, კარპენტიესა და პშევორსკის აზრით, „სპილენძ-ბრინჯაოსა და თითბირის პირველხარისხოვანი მწარმოებლები იყვნენ მთელს მსოფლიოში“. საინტერესოა იმის აღნიშვნაც, რომ მსოფლიოს უდიდეს წიგნში - ბიბლიაში, ქართველთა ეთნარქი თუბალი დასახელებულია, როგორც რკინისა და რვალის მჭედელი. ქართული არქეოლოგიური აღმოჩენები ყველა ამ შეხედულებას დოკუმენტური სიზუსტით ადასტურებს.
ისტორიული განვითარების პროცესში მჭედლობა მოიცავდა რამდენიმე ურთიერთდაკავშირებულ ხელობას - რკინა-მჭედლობას, მესპილენძეობას, ოქრომჭედლობას, ნალბანდობას. მჭედლობის როგორც დარგის ჩამოყალიბება-განვითარებისათვის აუცილებელია სათანადო ნედლეულის ბაზა. საქართველოს ტერიტორიაზე ეთნოგრაფიული მასალით დასტურდება ამ დარგის სხვადასხვა ინტენსივობით არსებობა თითქმის ყველა რეგიონში.
ფეოდალურ ხანაში ლითონის წარმოება და მასთან დაკავშირებული სამჭედლო საქმე ვითარდებოდა და ფუნქციონირებდა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების შესაბამისად. ხელოსნობის ეს დარგი შრომატევადია, მოითხოვს მაღალ პროფესიონალიზმს, ტექნიკური პროცედურების თანმიმდევრობაში სიზუსტეს, ნედლეულით უზრუნველყოფას. დარგის განვითარება პერიოდულად ფერხდებოდა ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვითარების გამო. XVII-ს-ში ერეკლე მეორემ გაატარა მთელი რიგი ღონისძიებები დარგის ასაღორძინებლად. (ახტალის და ალავერდის მადნების დამუშავება და სხვ), რაც 1795 წელს აღა-მაჰმადხანის შემოსევის შემდეგ კვლავ შეწყდა. რუსეთის მიერ საქართველოს მიერთების შემდეგ იყო ცდები მელითონეობის აღდგენისა, მაგრამ ამას ფართო მასშტაბები არ შეუძენია. მიუხედავად ამისა, მჭედლობა როგორც ხელოსნობის დარგი, განაგრძობდა არსებობას როგორც ქალაქად, ასევე სოფლად.
საქართველოში რკინა-მჭედლობის დარგში დასაქმებულ პირთა პროფესიულ დონეზე მიუთითებს სპეციალიზაცია-დიფერენციაციის არსებობა. აქ გამოიყოფა: საძიებო საქმის მწარმოებელი - მაძიებელი, მადნეულის ხარისხის შემმოწმებელი (ამომცნობი), საბადოდან გამოტანილი მარაგის „გამოწველის“ (მინარევებისაგან გათავისუფლება) მწარმოებელი, მზიდავი, მკმაზავი (ვინც ამზადებს მასალას ბრძმედში ჩასაყრელად), მბერავი (საბერველთან მომუშავე), მეუროე (ვინც ამტვრევს მადანს), მენახშირე (ნახშირის დამამზადებელი), მჭედელი (მთავარი ფიგურა, ნაწარმის დამზადებას), გამსაღებელი.
მჭედლის სამუშაოს მთელი ციკლი მოიცავს რამდენიმე საფეხურს და ცალკეულ პროცესს: მადნის გამოხურება, გახურებული მადნის დაწურვა, ნაწური რკინის გადადუღება, ხალასი რკინის დაკერვა, საჭედური რკინის „დაგვარება“ (სასურველი ნივთის ზომისა და ფორმის შესაბამისი რკინის ჩამოჭრა ზოდიდან), გამოჭედილი საგნის წრთობა.
მჭედლობა საქართველოში შინამრეწველობის ხასიათს ატარებდა.
მჭედლობას, როგორც ხელოსნობის დარგს, თბილისსა და სხვა ქალაქებში თავისი ორგანიზაციული ფორმა ჰქონდა. აქ არსებობდა მჭედელთა ამქარი თავისი სტრუქტურითა (ოსტატი, შეგირდი, ქარგალი) და ატრიბუტებით (დროშა, ფირი), დღესასწაულებით, წეს-ჩვეულებებით (ოსტატად დალოცვა, ქარგლის ხელდასმა).
ხელოსნობის აღნიშნული დარგის სიძველეზე მეტყველებს რკინასთან, მჭედელთან და სამჭედლოსთან დაკავშირებული რწმენა-წარმოდგენები (რკინის ნივთი - როგორც ავი თვალისაგან დამცავი და ბოროტი ძალების საწინააღმდეგო საშუალება, გრდემლი, კვერი, მარწუხი - საკულტო საგნები. დიდ ხუთშაბათს გრდემლზე კვერის დაკვრა და სხვ).
მჭედლობის უძველესი კულტურა, რომელიც სათავეს იღებს გვიანი ბრინჯაოს ხანიდან დღემდე არ შეწყვეტილა და თუმცა შესუსტებულად, აქა-იქ კიდევ განაგრძობს არსებობას.
რკინის საგნების ცხელი ჭედვით მკეთებელი ხელოსანი. მჭედელი საქართველოში რამდენიმე სახელით არის ცნობილი: მჭედელი (იმერეთში), „რკინაში ჭკადუ“ (სამეგრელოში), „ბერეჯმშკიდ“ (სვანეთში), „დემურჩი“ (ახალციხეში). მჭედლები ჭედდნენ და აწრთობდნენ როგორც საბრძოლო, ისე სამეურნეო იარაღებს. სამეურნეო იარაღებია: სახნისი, დანა, ნაჯახი, წალდი, თოხი, ნამგალი, გაზი, ორხელი, ნაჭა, სამფეხი, ხაფანგები, ე.წ. „აბდანი“ ანუ „აბუდანი“ ცხენისათვის, გარეული ცხოველისათვის. მჭედლის პირველი ნახელავი ნაჯახისა და თოხის ყუა იყო, ბოლო კი „ნაჭა“ და ცხენის ბორკილი.
ნაჭის გამოჭედვა ერთგვარ გამოსაცდელ ნაშრომს წარმოადგენდა მჭედლის ცხოვრებაში. მჭედლის დალოცვა ოსტატის მიერ საქართველოში ხდებოდა გრდემლთან, სადაც შესთხოვდნენ 363 ხელობის უფროსსსოლომონს, რომ ახალ ოსტატს ხელი მომართვოდა მომავალ საქმიანობაში.
მჭედლები მუშაობდნენ ქალაქებში, დაბებში, სოფლებში. ისინი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდნენ. მათ, როგორც მაგიური ძალის მქონე რკინის დამმორჩილებლებს, ხალხი პატივს მიაგებდა. თვით
მჭედლები წმინდად იცავდნენ სამჭედლოსათან დაკავშირებულ რიტუალებს, შაბათ დღეს მუშაობას ადრე ამთავრებდნენ, გრდემლზე სანთელს დაანთებდნენ და კვერის რამდენიმე დარტყმით ლოცვას ასრულებდნენ. სამჭედლოში გრდემლი წმინდა ადგილად ითვლებოდა. სოფლად თუ რაიმე ცუდი ამბავი მოხდებოდა, დამნაშავეს გრდემლთან დასწყევლიდნენ. ხალხის რწმენით, ამგვარი წყევლა აუცილებლად ასრულდებოდა.
ლიტ.: ნ. რეხვიაშვილი, მჭედლობა რაჭაში, 1953. ნ.რეხვიაშვილი, ქართული ხალხური მეტალურგია, 1964.
ე.ნ.
ა. გ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,