ობ ოგ ოდ ოთ ოკ ოლ ომ ონ ოპ ორ ოს ოფ ოქ ოყ ოჩ ოწ ოჭ ოხ
ოქრ ოქს

ოქრომკედი

ერთგვარი ხარისხის ძაფი, რომლითაც იქსოვებოდა ტანსაცმლის სამშვენისები. ამზადებდნენ ყაზაზები . ოქრომკედი ძირითადად ორი სახისა იყო - აბრეშუმისა და ბამბის ძაფის. არსებობდა ვერცხლის, თითბრისა და სპილენძის ოქრომკედიც. ოქრომკედის დამზადებისას მეტალის ნაქლიბში ატარებდნენ ძაფს, შემდეგ კი ოქროს ვარაყში ამოავლებდნენ. ოქრომკედით ირთვებოდა ახალუხები, ჩაფარიშები, ბუზმენტები და სხვ.
ქართულ წერილობით წყაროებში მოხსენიებულ ტერმინს - „ოქრონემსულს“ - მოგვიანო ხანის ძეგლებში „ოქრომკედით ნაკერი“ შეესატყვისება. ოქრომკედით მძიმედ ნაკერი ან ნაქსოვი ფარჩის აღსანიშნავად იხმარებოდა აგრეთვე ტერმინები „დიბა“ და „ადიმი“. საინგილოში ოქრომკედით ნაქარგს - „ზარბაბს“ უწოდებენ. ოქრომკედით ქარგვის ძველი ქართული ტრადიციები (მდიდარი ორნამენტი, მხატვრული სიმბოლიკა, სიუჟეტური კომპოზიცია, შესრულების მანერა) კარგად იყო შემონახული XIX ს. ქართულ ეთნოგრაფიულ ყოფაში. ქარგავდნენ უმთავრესად ხავერდზე, ატლასზე და სხვ. ძვირფას ქსოვილებზე ოქრომკედით ნაქარგ სახეებში ხშირად ურთავდნენ მარგალიტს, ფერად მძივებსა და ზოგჯერ პატიოსან თვლებსაც. ოქრომკედით ნაქარგობა ძველთაგანვე საექსპორტო საგანი იყო. XIX ს. დამდეგს ირანსა და ოსმალეთში გატანილი ქართული ოქრომკედული ნაქარგობა საუკეთესო ნახელავად ითვლებოდა მთელ აზიაში და ყველაზე ძვირად ფასობდა. ოქრომკედით ნაქარგობის მთავარი მოტივებია უმთავრესად ნაყოფიერებასთან დაკავშირებული მცენარეული ორნამენტი (ვაზის ფოთლები და მტევნები, ხორბლის თავთავები და სხვ.), ანთროპომორფული და ზოომორფული გამოსახულებანი. ოქრომკედით ნაქარგობის უბრწყინვალეს ნიმუშებს წარმოადგენენ ქართული დაფარნები.
ლიტ.: მსხში ტ. II, ნაწ. II 1982. შ. მესხია, საისტორიო ძიებანი, ტ. I 1982.
მ. ბ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9