ქართული პურის სახეობანია: მურასა, საგარეჯო, პირგაჭრილი, კაკალა, შოთის პური, დედოს, დედას პური. ეროვნებათა შორის ერთ განმასხვავებელ ნიშნად უნდა ჩაითვალოს პურის განსაკუთრებული ფორმა და მისი გამოცხობის თავისებურებანი. ქართული პურის სახეობანი ძირითადად თორნე, თონეში (იხ.) ცხვებოდა. ქართული პური გრძელი და ოვალური ფორმისაა, ზოგიერთი ხმლისებური მოყვანილობისაა (მაგ. „საგარეჯო“). სოფლებში პატარა თონეებს ხმარობდნენ, ქალაქებში - დიდს. ქართული პურის მცხობელი მარჯვენა ხელის გულზე დაიდებს ახალი მთვარისებურად აჭრილ პატარა გაბრტყელებულ გუნდას, მარცხენათი თონის პირს მიეჭიდება, გადაეკიდება გავარვარებულ თონეში და გახურებულ თონის პირს ტყაპუნით ამოაკრავს ცომს. ამნაირად რომ შეავსებს თონის კედლებს, მერე მის ზედაპირს ხის თავსახურს გადააფარებს და 15-20 წთ შემდეგ თონიდან ასტამ-საფხეკით ცხელ-ცხელ ლავაშებს ამოყრის. თხელ; ქართული პური კარგად გამოშუშებულია, საჭმელად სასიამოვნო, გემრიელი და დიდხანს ინარჩუნებს სირბილეს. ქართული პურის სახეობანი ერთმანეთისაგან მცირედი ნიუანსებით განსხვავდება, ზოგადად კი ერთ - ერთი ტიპის ნამცხვარს მიეკუთვნება და თავისი გამორჩეული ფორმით დღემდე ინარჩუნებს ამ სახელწოდებას.
ლიტ.: ი. ბალახაშვილი, ძველი თბილისი, 1951.
ე. ნ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,