(აქ:) მოხევე ქალის კაბა. მასალად გამოიყენებოდა ღია და მუქი ფერის ფარჩა და ქიშმირი. საგულე, თარგით ახალოხისებურია, გრძელი და უსაყელო, წელზე მომდგარი და წინ მთლიანად ჩახსნილი. ზედატანი ტანზე მორგებული და ქვედატანი რამდენიმე კალთისაგან („ფარდა“) შემდგარი. ხევში ორგვარი ტიპის საგულეები იყო გავრცელებული. მოხუცები ატარებდნენ ძველებურ კუჭნაოჭიან და შეხსნილი სახელოებით შედგენილ საგულეებს, ხოლო ახალგაზრდები ნაკეცებიან და ჩვეულებრივ სახელოებით შეკერილ საგულეებს. კუჭნაოჭიან საგულეებს ნაოჭი მარტო უკანა მხარეზე უკეთდებოდა. საგულის ჩახსნილი ნაპირები ერთმანეთს მხოლოდ უახლოვდებოდა. საგულეზე ატარებდნენ სხვადასხვა ზომისა და ფორმის სარტყელებს, ამათგან დიდი მოწონებით სარგებლობდა, „ჩაფრასტანი“, რომელიც ოქროში დაფერილი დაფანჯრული ვერცხლის ორი ნაწილისა და ქსოვილის ბრტყელი ზოლის შეერთებით მიიღებოდა. დიდი ყურადღება ექცეოდა საგარეო საგულის მორთვას. ნაპირებს რთავდნენ სირმის, ბუზმენტის ან ხავერდის ზოლებით, ხან ოქრომკედის ძაფით, რომლის გულისპირზე ჩამოყოლებულ გრეხილს „ბალთა“ ერქვა. სახელწოდება „საგულე“ მოხსენიებულია ქსნის ერისთავის ასულის ანას (1692-1703წ.) მზითვის წიგნში, ხოლო ანუკა ბატონიშვილის მზითვის წიგნში (1712წ.) „კაბა-საგულე“-ა ნახსენები.
ც. ბ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,