აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აყ აშ აჩ აც აჭ ახ აჯ
აყა

აყალო

  1. თიხის განსაკუთრებული ჯიში, რომელიც მუშავდება და მისგან შენდება კერამიკული ნაწარმი. საჭურჭლე ნედლ მასალას იმერეთში „მიწას“ უწოდებენ, დაზელილ მიწასაც „მიწა“ ჰქვია, თიხა კი ეწოდება მხოლოდ გამომწვარ ჭურჭელს-კერამიკას. ზედმეტად „ცხიმიანი“ და ზედმეტად „მჭლე“ მიწა ჭურჭლის დასამზადებლად არ ვარგა, ამიტომ ხელოვნურად ხდება ცხიმიანი მიწის „გამჭლევება“ და პირიქით. საუკეთესო საჭურჭლე მიწად საშუალო პლასტიკურობის მიწა ითვლება. ხარისხის მიხედვით არჩევენ დიდ, საშუალო და მცირე პლასტიკურობის მიწებს. აყალო იზილება როგორც ფეხით, ასევე მანქანითაც. ჭურჭლის დასამზადებლად იმერეთში ორშრიანი „აყალოსა“ და „თირის“ ნარევს იყენებენ.
    აყალო „წებოიანი“, „ცხიმიანი“, „მსუქანი“, „კეჟური“, „ფიცხი“, „ძარღვიანი“ და ხელში კარგად დამყოლი მიწაა. წითელ-ჭრელი დაჰკრავს, დაზელის დროს კარგად იწელება. აყალო იმის გამო, რომ ნიადაგში ღრმად დევს და წებოვანია, ძნელად სათხრელი მიწაა. თხრის დაწყებამდე საჭიროა მიწის ზედაპირის გადაცლა 10-50 სმ-ის სიღრმეზე. მიწის ახალი საბადოს აღმოჩენას გარკვეული ცოდნა და გამოცდილება სჭირდება. ყოფილა შემთხვევა, როცა ხელოსანს ამ მიზნით რამდენიმე ორმოს მოთხრა დასჭირვებია.
    ც.კ.
    ე. ნ.
  2. ჭურის მიწა დასავლეთ საქართველოში, ჭურის დასაგოზ-დასაგლესი თიხა. აყალო სამგვარია; ყვითელი, მოწითალო და რუხი. ყველაზე ხარისხიანია ყვითელი აყალო, რომელიც სხვადასხვა ადგილებშია მისაკვლევი და საპოვნი. როცა ასეთ მიწას შეიგულებენ, მოთხრიან ბარ-თოხით, მიიტანენ სახლში და მცირედ დაალბობენ. შემდეგ დაყრიან ფიცრებზე (ბრტყელ ქვაზე, თუნუქზე) და დაზეპავენ კეტით, ისე რომ დაუმუშავებელი არც ერთი მონაკვეთი არ უნდა დარჩეს. დაზეპვისას მიწა უფრო და უფრო ყვითელ ფერს ღებულობს და მოქნილი ხდება. როცა ეს პროცესი დასრულდება, აყალოს ნაჭერ-ნაჭერ დაადებენ ბადიმებს და გლესენ კვეჟოს მეშვეობით იმ პროცესამდე, სანამ ჭურისთავზე ოვალური ფორმის სახურავი არ წარმოიქმნება. შემდეგ ზედ წყალს მოაშხეფებენ და ხელით გადაგლესენ, ისე რომ ღვინო ჭურში სრულიად ჰაერშეუვალი რჩება. ღია მარნებში აყალოს ყოველ წელს ცვლიან და ზედ აყრიან „ხვარხვალ“ მიწას ან ქვიშას, წყალი რომ კარგად გაატაროს და ამავე დროს, ჭურისთავი დაცული იყოს მზისა და სიცხის ზემოქმედებისაგან. ჭურის მოხდის დროს ჯერ მიწას მოაშორებენ, გადაცოცხავენ, შემდეგ ხის ბარით შემოუყვებიან, წრიულად შემოჭრიან, თუ დიდი ჭურია, აყალოს ორ ნაწილად გაჭრიან, გადაიღებენ და შემდეგ მოხდიან ბადიმებსაც.
    ც.კ.
    ე. ნ.
    Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9