სა სე სვ სი სკ სო სპ სტ სუ სღ
საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ საჭ სახ საჯ

საჩითავი

სხვადასხვა ფორმის ხის ყალიბები, რომლითაც ხდებოდა ქსოვილის დაჩითვა საღებავის მეშვეობით. საჩითავ//საბეჭდავებზე გამოყვანილი იყო სხვადასხვა სახის მარტივი და რთული ჭრელები (გეომეტრიული, მცენარეული, ფრინველის, ადამიანის და ა.შ.) საჩითავად ირჩევდნენ მაგარი ჯიშის (მსხალი, მაჟალო, პანტა, ბზა) ხეს. საჩითავზე ჭრელი ორი წესით გამოჰყავდათ: ჩაჭრით ან რელიეფური კვეთით. მოჩითვის დროს ერთი წესით საჩითავ ყალიბს ზედაპირზე უსვამდნენ საღებავს, შემდეგ ქსოვილზე დაადებდნენ და ხელით დაწნეხავდნენ. მეორე წესით, საჩითავზე ჩაჭრის წესით დამზადებულ ჭრელს გამღვალ სანთელს წაუსვამდნენ და ქსოვილზე დაწნეხავდნენ, რის შედეგადაც ჭრელი სანთლიანი სახეები გადაიტანებოდა ქსოვილზე. შემდეგ ქსოვილს შეღებავდნენ, მისი ფონი დაიფარებოდა ფერით, ხოლო სანთლიანი ნაწილები შეუღებავი რჩებოდა, მისი მოცილების შემდეგ შეღებილ ფონზე მრავალფეროვანი ჭრელი ამოვიდოდა. ქსოვილის დაჩითვა ხდებოდა ფერადადაც, რაც უფრო რთულ ტექნოლოგიურ პროცესს მოიცავდა და საჭიროებდა ერთ ნახატზე რამდენიმე საჩითვის დაწნეხვას. ქსოვილის დაჩითვა ხალხური ხელოვნების უძველესი დარგია და უშუალოდ უკავშირდებოდა მღებრობას. დაჩითვის ხალხური ტექნოლოგიის შესახებ კავკასიის ხალხებში ყურადღება აქვს გამახვილებული ჰეროდოტეს, რაც ამ დარგის უძველესობაზე მიუთითებს.
დაჩითვის ხელოვნებას ფართოდ მისდევდნენ საქართველოს ქალაქებში, განსაკუთრებით, ახალციხესა და თბილისში, რომლის კოლორიტულ ნიმუშად წარმოგვიდგება ე.წ. „ლურჯი სუფრა.“ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცულია კავკასიის ხალხთა საჩითავების უნიკალური ნიმუშები.
ლიტ.: გ. ჩაჩაშვილი, საქართველოს მუზეუმის საჩითავები 1961. ჰეროდოტე, ისტორია წ.I, 1972.
ე. ნ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9