ზოგადი სახელი თოკისგან მოქსოვილი თევზისსაჭერი ხელსაწყოსი. საბას განმარტებით „ბადე არს თევზთა შესაპყრობელი: სათხეველი, ხულიხი, ღრიპონი, ჩიჩქინური, მასე, ზეღმა, ხელბადე“. ბადე ზოგი დასაგებია, ზოგი სასროლი. ბადე ჩვეულებისამებრ თვალედი (ცხრილისებრი) ქსოვილია, რომელიც მიღებულია ძაფის ჯვარედინად გადანასკვით თანაბარ მანძილზე, ხმარობენ თევზისა და ფრინველის დასაჭერად, გადასაღობად (მავთულის, თოკის ბადე დ ასხვ.), შირმად, თმის სამაგრად, სპორტში და სხვ. ბადური ქსოვა ერთ-ერთი უძველესია ქსოვის ტექნიკასა და კულტურის ისტორიაში. იგი ქვის ხანიდანაა ცნობილი. განათხარი მასალის მიხედვით საქართველოში თევზის საჭერი ბადეების გამოყენება ნეოლითის ხანიდანაა ცნობილი.
საქართველოში სათევზაო ბადეს უმთავრესად სელის ბოჭკოსაგან ამზადებდნენ.ძველი ბერძნული საისტორიო მწერლობის მიხედვით, ანტიკურ სამყაროში სათევზაო ბადის დასამზადებელ ერთ-ერთ საუკეთესო ნედლეულად კოლხური (ქსენოფონტეს სიტყვით, „წმინდა ფასიანური“) სელი იყო მიჩნეული. ამ უძველეს ტრადიციას უნდა უკავშირდებოდეს ის, რომ დასავლეთ საქართველოში (იმერეთი, სამეგრელო, აჭარა, აფხაზეთი და სხვ.) ახლო წარსულამდე სათევზაო ბადეებს სელის ბოჭკოსაგან ამზადებდნენ. სელთან ერთად ბადის დასამზადებლად საქართველოში ძველთაგანვე იყენებდნენ კანაფს, უფრო გვიან აბრეშუმსა და ბამბას, ბოლო ხანებში კი საყოველთაოდ გავრცელდა სინთეზური ბოჭკო.
ბადის საქსოვად ხმარობდნენ სხვადასხვა ზომის კოჭებს, ანუ ფირფიტებს და ხისა და ლითონის ჩხირებს, რომლებსაც ორკაპა და „ენიანი“ ბოლოები ჰქონდა. ბადის საქსოვი ჩხირი სხვადასხვა სახელწოდებით იყო ცნობილი - „მაქო“ (ზემო ქართლი), „ჩხაში“ (გურია, იმერეთი), „ფათქა“ (ქვემო იმერეთი) და სხვ. ბადეს ქსოვდნენ უმთავრესად მეთევზე-მებადურები (ზოგან ქალებიც ეხმარებოდნენ). მეთევზეობის ზოგიერთ რაიონში (განსაკუთრებით შავი ზღვის სანაპიროზე) მებადურის პროფესია მემკვიდრეობით გადადიოდა.
დანიშნულებისა და ფორმის მიხედვით, თევზსაჭერი ბადე სამი სახისაა: წყალგამწური (ტრალი, სასროლი, ფსკერული, ქისაბადე), გამხლართავი (ჩასადგმელი, მცურავი), თევზსაჭერი მახე (ჩასადგმელი, ვენტერი, ხოლიხი).
ხალხურ მეთევზეობაში სათევზაო მრავალ სახესხვაობათაგან ყველაზე გავრცელებულია სასროლი, ანუ სათხეველი, მოსასმელი ანუ გამოსასმელი, საჩხრეკავი, ანუ ხესკელი, ჩასაშვები, ანუ სახოპავი და სხვ. სასროლი ბადე კონუსისებრი მოყვანილობისაა და კიდეზე ტყვიები აქვს დაყოლებული წყალში ჩასაძირად. შუაში კი გრძელ თოკს უბამენ დასაჭერად. მოსასმელი ბადე სწორკუთხაა, გრძელი და განიერი, ერთ მხარეს ტყვიებს უბამენ, მეორე მხარეს კი ტივტივებს. მოსასმელ ბადეს წყლის ზედაპირზე სიგრძეზე შლიან და თევზს ბადის მოსმით იჭერენ. სახოპავი ბადე კვადრატულია, სარებზე ჭიმავენ და წყალში დგამენ. საჩხრეკავი ბადე მრგვალია, გიდელისებრი, ორკაპ ან მშვილდივით მოხრილ ჯოხზეა დამაგრებული. იყენებენ ქარაფოვან სანაპიროზე სათევზაოდ. ერთი და იმავე სახის ბადეები თავის მხრივ გაირჩევა ზომით და ზოგიერთი თავისებურებით.
სათევზაო ბადეს ყოფაში რიტუალური მიზნითაც იყენებდნენ. მას მაგიურ ძალას მიაწერდნენ. ზოგან მშობიარესა და ახალშობილს „ავი თვალისაგან“ „დაცვის მიზნით აფარებდნენ. ზემო იმერეთიდან ჩამოტანილი ერთ-ერთი ასეთი ბადე, „მშობიარე ქალის ბადე“, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ინახება. იგი სასროლ ბადეს ჰგავს, საგულდაგულოდ შემკულია ოქროსფერი ფირფიტებით და ტილოსაგან გამოჭრილი ვარსკვლავებისა და ყვავილების აპლიკაციებით. ასეთი ბადის წარმოშობა დაკავშირებულია თევზის კულტის გადმონაშთების ამსახველ ხალხურ რწმენა-წარმოდგენებთან.
ლიტ.: ქ. მირიანაშვილი, დასურათებული ლექსიკონი, 2008. ლ. ნებიერიძე, პედიატრიის ხალხური წესები საქართველოში, 2006.
ე. ნ.
მშობიარე ქალის ბადე დასავლეთ საქართველოში. გავრცელებული რწმენის თანახმად, მშობიარობის შემდეგ მელოგინე ქალსა და ახალშობილს ავი სულები ეტანებიან, რათა ზიანი მიაყენონ. ამიტომ ქალს ბალიშის ქვეშ ამოუდებდნენ ხანჯალს, ხოლო ზემოდან გადააფარებდნენ წითელ სათევზაო ბადეს, რომელიც ტყვიების სიმძიმით მჭიდროდ გადაეფინებოდა საწოლს, რათა სულებს ვერ შესძლებოდათ საბანში შეძრომა. ზოგჯერ ასეთი ბადე 40 დღის განმავლობაში ეფარა მელოგინეს. თუ შესაძლებელი იყო ბადე მზადდებოდა წითელი თოკისგან, რაც მის სარიტუალო მხარეს წამოწევს წინ. ბადე ამავე მიზნით შემკული იყო ფერადი აბრეშუმის ფოჩებითა და ოქროსფერი ფირფიტებით.
ლიტ.: ქ. მირიანაშვილი, დასურათებული ლექსიკონი, 2008. ლ. ნებიერიძე, პედიატრიის ხალხური წესები საქართველოში, 2006.
ე. ნ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,