ტა ტი ტკ ტმ ტო ტრ ტუ ტყ
ტაბ ტაგ ტალ ტან ტარ ტაფ ტაშ ტახ ტაჯ

ტალავარი

აღმოსავლეთ საქართველოს მთიელებში მამაკაცისა და ქალის სამოსელის მთლიანი კომპლექტი. ქართულ მეტყველებაში ჩაცმულობის აღმნიშვნელად გამოიყენებოდა ტერმინები: „სამოსელი“, „ტან-ფეხი“, „ტანსამოსი“, „ტანსაცმელი“, „ჩასაცმელი“, „ჩასაცვამ-დასახური“, „ტანთი“ და „ტალავარი“ (მოხეურში - „ტარავალი“). ტერმინი „ტალავარი“ ლექსიკონებითა და ლიტერატურული ძეგლებით ხშირ შემთხვევაში „საძნე-ჩარდახისა“ და „საჩრდილობელი თავსაფრის“ მნიშვნელობითაა ახსნილი (სულხან-საბა, ნ. ჩუბინაშვილი). ივ. ჯავახიშვილი იმერეთში ხეივნის მნიშვნელობით ნახმარ ამ სიტყვას ნასესხებად მიიჩნევს. მ. ანდრონიკაშვილი კი მის წარმომავლობას პართულ სამყაროსთან აკავშირებს, სადაც იგი დარბაზსა და სასახლეს აღნიშნავს. აქედან გამომდინარე, ეს ტერმინი განიმარტება, როგორც ადამიანის საჩრდილობელ-საფარველი, რადგანაც სპეციალურ ლიტერატურაში სამოსელისა და არქიტექტურის საერთო საწყისებია აღიარებული, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აქედან მომდინარეობს სამოსელის ზოგად სახელწოდებად „სხეულის სახლის“ ან „მოძრავი საცხოვრებელის“ დასახელებაც. ამ კვალის მატარებელი უნდა იყოს სვანეთში სამოსელის აღსანიშნავად გამოყენებული ტერმინი „ლერექუ“, რომელიც თავის მხრივ ქართულში არსებულ სა-რ-ქუ-ელ-თან ჩანს დაკავშირებული. საინტერესოა ტალავარის საწყისი ნაწილის „ტალას“ მნიშვნელობაც. ეს ტერმინი X ს. არაბი მოგზაურის მოსუდის მიხედვით, ჩერქეზეთში დამზადებული სელის ქსოვილის აღმნიშვნელია. აქედან ივარაუდება ტალა-ტილო-ტოლის კავშირიც. „ტალა“ აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში მცხოვრები ხალხის მიერ მოხმარებული მუქი ფერის ტანსაცმლის გამომხატველიც იყო.
ლიტ.: ლ. ბოჭორიშვილი, ხევსურული ტალავარი, მსე, ტ. VIII, 1956. ც. ბეზარაშვილი, ქალის სამოსელი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, 1974.
ც. ბ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9