ტა ტი ტკ ტმ ტო ტრ ტუ ტყ
ტყა ტყვ ტყლ ტყრ

ტყვია

აქ: ცეცხლსასროლის იარაღის ტყვია. მასიურად გავრცელდა XIV საუკუნიდან. მზადდებოდა სხვადასხვა ლითონისაგან. დიდი ხნის განმავლობაში ხელის ცეცხლსასროლი იარაღი თავისი არასრულყოფილების გამო კონკურენციას ვერ უწევდა სხვა სატყორცნ იარაღს, მასით, სიზუსტითა და სწრაფსროლით ბევრად ჩამორჩებოდა მშვილდსა და არბალეტს. მხოლოდ XV ს-ის დასაწყისში გამოგონილმა „მუშკეტებმა“ შეძლეს ტყვიის ხვრეტითი ძალით გაესწროთ სასროლი იარაღებისათვის.
მუშკეტის ტყვია სფეროსებრი ფორმის იყო და 50-60 გრ-ს იწონიდა, მის წინაშე ჯავშნით შეჭურვილი რაინდი უკვე უძლური იყო. მოგვიანებით კაჟიანი თოფების ეპოქაში, როდესაც დაკუთხულ ლულებს იყენებდნენ, ტყვიის ფორმაც შეიცვალა და მოგრძო სახე მიიღო. მოგრძო ტყვიის გამძლეობას ფრენის დროს განაპირობებდა ნაჭდევები, რომლებიც ხელს უწყობდა ტყვიის სწრაფ ბრუნვას, ამის შემდეგ სროლის სიზუსტე ძალიან გაიზარდა.
ყალიბის მხრივ დიდი მრავალფეროვნება იყო, ერთ საჯარისო დანაყოფში შეიძლება 40-მდე სხვადასხვა ყალიბის იარაღი ყოფილიყო, რადგან ჯარისკაცი თვითონ ასხამდა ტყვიას თავისი თოფის ყალიბის შესაბამისად.
ფისტონიანი თოფების პერიოდში (XIX ს) გამოიგონეს თვითგაფართოებადი ე.წ. „მენიეს ტყვიები“. მას უკანა მხრიდან კონუსური ჩაღრმავება ჰქონდა, რომელიც რკინის მსუბუქი ხუფით იყო დახურული, ტყვია ლულაში თავისუფლად იდებოდა, გასროლის დროს კი განიერდებოდა და მჭიდროდ მიჰყვებოდა ლულის კუთხვილებს. ტყვიის დიამეტრის გაზრდა ხდებოდა დენთის გაზების მიერ კონუსურ ჩაღრმავებაში რკინის ხუფის ჩაჭყლეტით. ასეთი თოფებიდან სროლა 1200 ნაბიჯიდანაც შეიძლებოდა, იმ დროს როცა გლუვლულიანი თოფები 300 ნაბიჯამდე ძლივს აღწევდა.
XVIII ს. ბოლოს, როდესაც შესაძლებელი გახდა თოფის ლულის დატენვა საფალიე მხრიდან (ანუ ლულა იხსნებოდა ბოლოში), გამოიგონეს ქაღალდში ერთად გახვეული ტყვია-წამალი. დატენვისას, ქაღალდს დენთის მხრიდან კბილით გაგლეჯდნენ და ლულას დახურავდნენ, საფალიე ძუძუკს ფისტონს წამოაცმევდნენ, ჩახმახს შეაყენებდნენ და თოფი მზად იყო სროლისთვის.
ტყვიის განვითარების შემდეგი ეტაპი იყო უნიტარული ვაზნის გამოგონება, სადაც დენთი, ტყვია და ფოსტონა ერთ მასრაში გაერთიანდა. უნიტარული ვაზნები პირველად ნემსიან შაშხანებში იქნა გამოყენებული, ხოლო შემდგომ თანდათანობით ისე დაიხვეწა, რომ დღესაც წარმატებით გამოიყენება საბრძოლო ხელოვნებაში.
ლიტ.: მ. ქაფიანიძე, XV-XIX სს. ცეცხლსასროლი იარაღი 2000. А. В. Жук, энциклопедия стрелкового оружия, 1998.
მ. ქ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9