ფა ფე ფთ ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ ფჩ
ფად ფაზ ფათ ფალ ფამ ფან ფარ ფას ფაფ ფაც

ფარაგა

თუში ქალის, პერანგს ზემოდან ასაფარებელი გულისპირი. ქართული საისტორიო მწერლობა მას მონაზვნის სამოსელად იცნობს, მხოლოდ ნ. ხიზანიშვილი ათანაბრებს მას საგულესთან. ფარაგის მასალად გამოიყენებოდა მაუდი, ხავერდი, სატინა. ძველებური ფარაგა ორგვარი იყო: გვამიანი და ზოლტებიანი. ფარაგა ქალის ზედატანს მთლიანად ფარავდა. XIX ს. ბოლოსა და XX ს. თუშეთში ფართოდ გავრცელდა ზოლტებიანი ფარაგა. კისერთან მომდგარი და მუცელს ჩაცილებული კალთები ზურგში ერთმანეთს „ზოლტყურებით“ და „ყულფებით“ უკავშირდებოდა. კისერში დასამაგრებლად დამინანქრებულ ან დასევადებულ ვერცხლის ღილებს ხმარობდნენ. დიდი ყურადღება ექცეოდა ფარაგას მორთულობას. თუ შიგ ჩასაცმელი პერანგის საყელო მოუქარგავი იყო მაშინ საგანგებოდ დაგრეხილი ყაჭით ან ბუზმენტით თუ სხვა ნაქარგით დამშვენებულ მაუდის ან აბრეშუმის პატარა ყელსახვევს - „ყიმჭა“//“ყემჭაი“ გამოიყენებდნენ. შემდგომში იგი ფარაგას ნაწილადაც უქცევიათ. სადა ფარაგა ეკეთა გათხოვილ ქალსა და ქვრივს. გასათხოვარის ფარაგა კი უხვი სამკაულით იყო მორთული. განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ტოვებდა გრძლად დაშვებული სხვადასხვაგვარი ძეწკვების წყება. მოხმარებული სამკაულებიდან ზოგიერთს მაგიურ აპოთროპული დანიშნულებაც ჰქონდა.
ლიტ.: გ. ბოჭორიძე, თუშეთი, 1993. ც. ბეზარაშვილი, თუში ქალის ტალავარი, კრ. თუშეთის ეთნოგრაფიული შესწავლისათვის, 1967.
ც. ბ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9