ფა ფე ფთ ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ ფჩ
ფელ ფერ ფეს ფეშ ფეჩ ფეხ

ფეხსაცმელი ნაქსოვი

საქართველოში მოქსოვილი ფეხსამოსის არაერთი ტიპი დასტურდება. ასეთებია, მაგ., კარაჭინი, ჩორაბი, ფაჩუჩი, ფაჩაჩი, მესი, ჩარუხი, ქალამანი, ჩითა (იხ.), ბორაგი, თათი, ფეხა, ყელმაღალაი, წაბმულაი, ქაჩუჩა, ჩუსტურა, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ ნაქსოვ ფეხსაცმელს მოსახლეობაში ფართო გამოყენება ჰქონდა. ნაქსოვი ფეხსაცმლისათვის იყენებდნენ შალს, ბამბას, ტყავს. ფეხსაცმელი იქსოვებოდა ორი და სამწვერი ბაწრით, განსაკუთრებით მჭიდროდ იყო გამოყვანილი სატერფეები, ხმარებაში რომ გამძლე ყოფილიყო. თუშეთის ეთნოგრაფიულ ყოფაში ბოლო დრომდე შემორჩა ჩითას ქსოვის ტრადიციები. ჩითას იცვამდნენ ქალებიცა და კაცებიც და შესაბამისად ისინი იწოდებოდა სადიაცო და სამამაცო ჩითას სახელით. საქალო ჩითა, განსაკუთრებით ხანში შესული ქალებისა, მაღალყელიანი იყო. კაცის ჩითები სადა, ქალებისა კი გემოვნებით იყო დაჭრელებული. ჩითაც ძირმოქსოვილია სქლად, ხოლო ყელი მასთან შედარებით თხლად და დახვეწილად. თუ ძირი გაცვდებოდა, მის ყელს ახალ ძირს გამოუქსოვდნენ. ჩითა იყო შინ სახმარი და გარეთ გასასვლელიც, რაც აისახებოდა მის მოჭრელებაშიც. ნაქსოვი ფეხსაცმლის ნაშთები აღმოჩენილია ყაზბეგის განათხარ მასალებში და დათარიღებულია ძვ.წ. IV-III საუკუნეებით, რაც მიუთითებს ნაქსოვი ფეხსაცმელების უძველესი დროიდან გამოყენებაზე საქართველოში.
ლიტ.: ც. ყარაულაშვილი, ნაქსოვი ფეხსაცმელი, მასალები თუშეთის ეთნოგრაფიული შესწავლისათვის. 1967.
ე. ნ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9