ფა ფე ფთ ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ ფჩ
ფია ფით ფილ ფინ ფირ ფიქ ფიჩ ფიწ

ფილიგრანი

ლითონის ძაფებით გაკეთებული მხატვრული საიუველირო სახე რაიმე ნაკეთობაზე. იგი დამზადებულია გრეხილი ოქროს ან ვერცხლის წვრილი მავთულისაგან. ფილიგრანული ნივთების დასამზადებელი ვერცხლის გრეხილი და მარცვლები მიიღება უმაღლესი ხარისხის ვერცხლისაგან, რომელსაც „თამმაირი“ ეწოდება. როგორც ცნობილია, სუფთა ვერცხლი გაცილებით რბილია და მისგან მიიღება უწვრილესი ძაფი, რისთვისაც ვერცხლს გაადნობენ და გადმოასხამენ რიჯაში (იხ.). მას დაჭრიდნენ ვერცხლის ჩხირებად, გრდემლზე გაკვერვით თანდათან გააწვრილებდნენ იმ ზომამდე, ვიდრე არ გატარდებოდა ადიდის (იხ.) პირველ მსხვილ ნაჩვრეტში, შემდეგ თანდათანობით უფრო წვრილებში და იქმნებოდა ვერცხლის წვრილი მავთული. შემდეგ ეს მავთული ორწვერად დაიგრიხებოდა ე.წ. მბრუნავი ლილვაკიანი ხრახნით. ვალცში გატარების შემდეგ, საბოლოოდ იღებდა ნაწიბურებიან ნაპირებს. ვალცშივე იგლინებოდა ვერცხლის სადა, შედარებით მსხვილი ძაფი, რომლისგანაც თითბრის ყალიბებზე შემოხვევით მზადდებოდა გრეხილის სახეები მანისებური, სპირალური, დაგლინული. გრეხილი მაკრატლით იჭრებოდა სხვადასხვა ზომის ნაწილებად. ვერცხლის მარცვლების მისაღებად, მაღალი ხარისხის სირმას დაჭრიდნენ წვრილად და დანაყილი ნახშირის მტვერში აურევდნენ, მოათავსებდნენ რკინის ჭურჭელში, ცოტა წყალს დაასხავდნენ და ახურებდნენ ქურაზე. ამ დროს ვერცხლი დნებოდა და ნახშირის მტვრის მეშვეობით იღებდა მარცვლის სახეს, გაცივების შემდეგ, ხელოსანი მას მარცვლების სიდიდის მიხედვით ახარისხებდა. ზოგჯერ ამისათვის სხვადასხვა ზომის ნაჩვრეტებიან საცერსაც იყენებდა.
ფილიგრანულ სახის გამოყვანა ხდებოდა ცალკეული ნაწილების შეკავშირებით. პირველ რიგში, შედარებით მსხვილი სირმისაგან მიირჩილებოდა ჩარჩო და რელიეფური სახეები, რომლებიც ორნამენტის ძირითად მოხაზულობას ქმნიდა. შემდეგ ხდებოდა ამ ორნამენტული ხაზების ამოვსება პაწაწინა გრეხილებით, რომლებსაც ნახშირის ფიცრებზე ჩივთის (იხ.) საშუალებით აწყობდნენ. სახე იმკობოდა რელიეფური კოპლებით და ფერადი თვლებით. შესაკავშირებელ ადგილებს ბამბით დაასველებდნენ, მოაყრიდნენ ერთ წილ ბურას (იხ.) ნაერთის ფხვნილს და ორ წილ კავშირს (კავშირის შემადგენლობაში შედის ერთი მისხალი სირმა ვერცხლი და ნახევარი მისხალი თითბერი). ჭრაქის ალს მოხრილი მილით დაუბერავდნენ, ცეცხლს შესაკავშირებელ საგანზე მიმართავდნენ და მიადუღებდნენ. რჩილვის შედეგად გაშავებულ ნივთს სპილენძის თასში მოათავსებდნენ და შაბიამნის ხსნარში ადუღებდნენ ნახევარი საათის განმავლობაში, შემდეგ კი გაწმენდდნენ სუფთა ნაჭრით.
ლიტ.: ლ. სოსელია, ოქრომჭედლობის შესწავლისათვის მესხეთში, კრ. მესხეთ-ჯავახეთი, 1972.
მ. ბ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9