ფეხსაცმლის ერთ-ერთი გავრცელებული სახე, რომელიც იკერებოდა ან ისხმებოდა ტყავისაგან. ქალამნის მასალის სიუხვე განსაზღვრავდა მისი გამოყენების უაღრესად ფართო ხასიათს, განსაკუთრებით მოსახლეობის ღარიბ ფენაში. საქალამნე ტყავიმზადდებოდა რქოსანი პირუტყვის, ასევე ცხენის, სახედრისა და ღორის ტყავისაგან. ქალამანი კარგი რომ გამოსულიყო, ბეწვგაცლილ ტყავს 5-6 დღე მარილწყალში ამყოფებდნენ, შემდეგ ასუფთავებდნენ, აშრობდნენ და ბლაგვპირიანი ლითონით არბილებდნენ. ამავე მიზნით ზოგან ტყავს ერთი დღე დებდნენ მიწაში. ქალამანი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვანაირად იწოდებოდა, ამოსხმით და მასალის ვარგისიანობის მიხედვითაც განსხვავებული იყო. ესენია: „თალათნური“, „კვანძური“, „იაფური“, „ჭალური“, „ბაზრული“, „გლეხური“, „ლეკური“, „კოხუჯი“ და სხვ. საქალამნე ტყავებიდან ყველაზე კარგი იყო ხარის ტყავი; კამეჩის ტყავი ადრე ხმებოდა და ამიტომაც უხეში სახმარი იყო. ძველად ქალამნის მასობრივად ჩამცმელი და დამამზადებელ-ამომსხმელი სოფლის გლეხობა იყო. ზამთარში სითბოსათვის ქალამანში წმინდა თივას - თომს აფენდნენ.
ნ. ჯ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3