ქა ქე ქვ ქი ქნ ქო ქრ ქს ქუ
ქაბ ქად ქავ ქათ ქალ ქამ ქან ქარ ქას ქაფ

ქალამანი რკინისა

რიტუალური დანიშნულების მქონე რკინის ფეხსაცმელი. მისი ნიმუშები დაცულია ს.ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში (ქარელის რაიონის სოფ. ატოციდან, გორის რაიონის გერის წმ. გიორგის ეკლესიიდან, დუშეთის რაიონის ლომისის წმ. გიორგის ეკლესიიდან). ქალამანი გაკეთებულია ოთხკუთხედი ფორმის ბრტყელი და სქელი რკინის ფირიფტისაგან, ტერფის უკანა ნაწილს აქვს ოთხი ნახვრეტი თასმებისათვის ფეხზე დასამაგრებლად. რკინის ქალამანი არქეოლოგიურად დადასტურდა ცხინვალის რაიონის სოფ. დისევის ერთ-ერთ აკლდამაში, რომლის მსგავსი არქეოლოგიაში მანამდე ცნობილი არ ყოფილა. განათხარი რკინის ფეხსაცმელი გვანდელი შუა საუკუნეებით თარიღდება და უკავშირებენ მიცვალებულის კულტს (გრძელი გზის ადვილად გასავლელად). ეთნოგრაფიულ ყოფაში რკინის ქალამანი გამოიყენებოდა რიტუალური დანიშნულებით. მლოცველი მას იცვამს და გაივლის გრძელ გზას საკულტო ადგილამდე. რკინის ქალამანი ქართულ ხალხურ ზღაპრებში გვხვდება როგორც გმირის (პერსონაჟის) ნივთი, რომელსაც იყენებს შორეულ გზაზე წასვლისას. „რკინის ქალამანი“ გვხვდება ხალხურ მეტყველებასა და მხატვრულ ლიტერატურაში. რკინის ქალამნით მიდის მლოცველი სათხოვნელად სალოცავში (ავადმყოფის მორჩენის თხოვნით, უშვილობის შემთხვევაში და სხვ). რკინის ქალამანს სოფელში ადგილობრივი მჭედელი ამზადებდა.
ლიტ.: გ. ჩიტაია, ოქრომჭედლობის ისტორიისათვის საქართველოში, შრომები, I 1997; ა. გოგიაშვილი, ფეხსაცმელი - რკინის ქალამანი, ეთნოლოგიური ძიებანი, II, 2003.
ა. გ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9