ქა ქე ქვ ქი ქნ ქო ქრ ქს ქუ
ქაბ ქად ქავ ქათ ქალ ქამ ქან ქარ ქას ქაფ

ქამანჩა

აღმოსავლური სამ ან ოთხსიმიანი ხემიანი საკრავი. საერთო სიგრძეა 65-90 სმ. კორპუსი მრგვალია, ბურთისებრი, ამოღრუებული. დამზადებულია თუთის ან კაკლის ხის მასალისაგან. კორპუსს გადაკრული აქვს მემბრანა - თევზის ტყავი ან ბუშტი. ყელი მრგვალია, საქცევები არა აქვს. ინკრუსტირებულია სადაფითა და ძვლით. სიმების ქვეშ რკალისებური ჯორაკი დგას. აწყობილია კვარტულად.
ხემი - ხის მოღუნული ჯოხია, რომელზედაც თავისუფლადაა მიმაგრებული ძუა, დაკვრის დროს შემსრულებელი ძუას ჭიმავს სათანადო სიმაღლეზე. დაკვრის ტექნიკის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ გადასვლა ერთი სიმიდან მეორეზე ხდება არა ხემით, არამედ საკრავის მოძრაობით. მისთვის დამახასიათებელია ყრუ ჟღერადობა. ქამანჩა პოპულარულია როგორც სოლო საკრავი, ასევე ანსამბლში. ამჟამად აზერბაიჯანში იგი საკონცერტო-საესტრადო ინსტრუმენტია და გამოყენებულია ხალხურ საკრავთა ორკესტრშიც.
ქამანჩის სახეობები გავრცელებულია სომხეთში, აზერბაიჯანში, დაღესტანში, ცენტრალურ აზიაში (თურქმენეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი), თურქეთში.
საქართველოსა და განსაკუთრებით თბილისში გავრცელდა დაახლოებით XVIII ს-დან სხვა აღმოსავლური საკრავების მსგავსად როგორც ინსტრუმენტული ანსამბლის შემადგენელი, თავდაპირველად ქ. თბილისში და შემდეგ ჯერ მიმდებარე სოფლებსა და რეგიონებში.
ლიტ.: დ. არაყიშვილი, ქართული მუსიკა (მოკლე ისტორიული მიმოხილვა), ქუთაისი, 1925; მ. შილაკაძე, ქართული ხალხური მუსიკალური ტრადიციები და თანამედროვეობა, 1988.
მ. შ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9