ღა ღე ღვ ღი ღო ღუ
ღამ ღან ღარ ღაჯ

ღანწვიში

(სვ.) - მარტივი სახვნელი იარაღი. შედგებოდა: მხრის („ლაციუ“), ქუსლის („ბერ“), ერქვანის („ქვაჯ“), და სახნისისაგან („მუკრა“). მხარი წარმოადგენდა მოხრილ ხის ძელს, რომელიც ერთი თავით ჩადგმული იყო ქუსლში. მხრის დასამზადებლად ძირითადად იყენებდნენ რცხილას, მუხას, იფანს, მაჟალოს, იშვიათად ფიჭვს. სახვნელის ქუსლი წიფლის ან იფნისაგან მზადდებოდა. იგი სოლისებური ფორმისა იყო და წვერზე წამოცმული ჰქონდა რკინის სახნისი. ერქვანი დაახლოებით 60 სმ სიმაღლის ჯოხი იყო, რომელიც ერთი თავით ქუსლში იყო ჩადგმული. ერქვანის საშუალებით ხვნის პროცესში მხვნელი (მოღანწუიში) მართავდა სახვნელს. რკინის სახნისი ფოლადით იყო წვერდაპირული. ქვემო სვანეთში, სადაც შედარებით რბილი ნიადაგი იყო, ზოგჯერ, როცა რკინის სახნისი არ გააჩნდათ, უიმისოდაც უხმარიათ სახვნელი. ხშირი ყოფილა სახნისის დანიშნულებით რქის გამოყენება. სვანურ სახვნელში უღელი ხარი იბმებოდა და საჭირო იყო ორი კაცი (მოღანწუიში და ხარისმძღოლი).
სვანური სახვნელით მუშაობა ისევე წარიმართებოდა, როგორც საქართველოს მთის დანარჩენ რაიონებში. ქუსლს ოდნევ გვერდზე დახრილს და ბოლოაწეულად იყენებდნენ. მუშაობას ფერდობებში დაბლიდან მაღლა გარდიგარდმო სვლით წარმართავდნენ. ასეთ მდგომარეობაში მდგარი სახვნელი მიწას ანგრევდა, ფრთაზე აიცურებდა ანგრეული მიწის ბელტებს და ოდნავ გვერდზედაც აბრუნებდა.
სახვნელი იარაღით მუშაობის დროს ცნობილი იყო შრომის ორგანიზაციის ორი მარტივი ფორმა: „ლიმარჯვე“ და „ლიმებალი“. ლიმარჯვე გულისხმობდა ხარებითა და მუშახელით თანაბარ მონაწილეობას. იარაღით თანაბარი მონაწილეობა არ იყო აუცილებელი. ხვნა-დღეების განაწილება არ იყო რეგლამენტირებული. მას განსაზღვრავდა არა შრომით გაერთიანებაში მონაწილეობა ინვენტარითა და მუშახელით, არამედ ის, თუ ვის რამდენი ჰქონდა მოსახნავი. შრომის ორგანიზაციის მეორე ფორმა „ლიმებალი“ წარმოადგენდა ეკვივალენტურ ურთიერთდახმარებას. შრომის ორგანიზაციის ეს ფორმა იგივეა, რაც ხევსურეთსა და თუშეთში ცნობილი „მანდავი“. ეს ფორმა ძირითადად ქვემო სვანეთში იყო გავრცელებული. რამდენიმე მეურნე თავისი ხარ-სახვნელით შეიყრებოდა და ერთმანეთთან მუშაობდა დღეების თანატოლ ოდენობას.
ლიტ.: გ. ჯალაბაძე, მემინდვრეობა სვანეთში, კრ. სვანეთის ეთნოგრაფიული შესწავლისათვის, 1970.
თ. გ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9