ღა ღე ღვ ღი ღო ღუ
ღომ ღორ

ღომი

  1. დას. საქართველოში გავრცელებული სამეურნეო კულტურის სახეობა. სიმინდის შემოსვლამდე და შემდეგაც, მოსახლეობის ერთ-ერთი მთავარი საკვები მარცვლეული. ღომს თესავდნენ გვიან გაზაფხულზე. ოგაფათი (იხ.) მოხნულ მიწაში და თოხით სამ-ოთხჯერ მარგლავდნენ. ღომი სამეგრელოში იზრდება მაღალი და ოქტომბერში ნამგლით მომკიდნენ. მომკილი ღომის თავთავებს გამოსაშრობად ჩაყრიდნენ მოწნულ ძარში, რომელიც მაღალ ბოძებზე იყო შემდგარი და ქვეშ შეუნთებდნენ ნელ ცეცხლს, ნებისად რომ გამომშრალიყო, ამის შემდეგ ღომის თავთავებს ფეხით სრესდნენ („ჩაჩუა“) და აცილებდნენ ბზესა და ღეროებს („გვადუა“) გარჩეული ღომის თავთავებს საცეხველში („ჩამური“) ჩაყრიდნენ, რომელიც მთლიანი ხისაგან იყო გამოთლილი და მოკაუჭებული ხის საცეხველით („კაკუტი“) ცეხვავდნენ. ღომის ცეხვას („ჩხვარუა“) ძირითადად აწარმოებდა სამი ადამიანი, რომლებიც მორიგეობით ურტყამდნენ კაკუტებს ჩამურში ჩაყრილ ღომს. დაცეხვილ ღომს ჩამურიდან ამოიღებდნენ და გაანიავებდნენ („მოხინწუა“ ან „ხიორუა“) ხოლო ბრელოიან ნარჩენს („ნოყური“) ქათმებს გადაუყრიდნენ. ღომის გამცეხვავნი ძირითადად ქალები იყვნენ. ღომისაგან შემდეგ იხარშებოდა ერთგვარი ფაფა. ღომის ნამგლით მომკას „გიმუა“ ეწოდებოდა და რადგანაც ეს პროცესი ოქტომბერში სრულდებოდა ამ თვეს მეგრულად „გიმათუთა“ დაერქვა.
    ლიტ.: ს. მაკალათია, სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, 2007.
    ე. ნ.
  2. ღომისგან ან სიმინდის ფქვილისგან მოხარშული ფაფა. განსაკუთრებით მიღებული იყო სამეგრელოში. სიმინდის კულტურის ფართოდ გავრცელებამდე ჩვეულებრივ მზადდებოდა ღომის ღომი. სიმინდის დამკვიდრების შემდეგ ღომმა როგორც შედარებით დაბალკალორიულმა და ძნელად მოსაყვანმა კულტურამ თანდათანობით დაუთმო ასპარეზი სიმინდს. სიმინდის ღომს აკეთებენ ღერღილისგან და წმინდა ფქვილისგანაც. ღერღილს მსხვილი საცრით ქატოს მოაცილებენ, წამოადუღებენ და შესქელებას რომ დაიწყებს, მასში ფქვილს ამოუკიდებენ, თან განუწყვეტლივ ზელენ ხის ჩოგნით. ღომი კარგია გამხმარ ყველთან, შაშხთან, ლობიოსთან, საცივთან. მეგრული ოჯახი დღეში ორჯერ მაინც მოხარშავდა ღომს. ჩვეულებრივი ოჯახისთვის ღომი წარმოადგენდა ძირითად საჭმელს. ჭამის დროს ჩოგნით ამოღებული ღომი, თეფშის გარეშე, პირდაპირ ტაბლაზე დაედებოდა სუფრის წევრს. დასავლეთ საქართველოს მცხოვრებთათვის ღომი დღესაც ითვლება კვების რაციონის სასურველ საკვებად.
    ლიტ.: ს. მაკალათია, სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, 2007.
    ე. ნ.
    Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9