შა შე შვ ში შნ შო შრ შტ შუ შხ
შნა

შნაკვი

პურის თავთავების სამკალ-საკრეფი იარაღი. განსაკუთრებით გავრცელებული იყო სამეგრელოსა და ლეჩხუმში. იგი შედგება ორი, თითსტარის სისქის და 50 სმ სიგრძის ჯოხისაგან, რომლებსაც ერთმანეთის თავები თოკით მოძრავად აქვთ გადაბმული. ეს მარტივი ხელსაწყო თავისუფალ ბოლოებში იშლება. მკელი მათ შეუცურებს თავთავებს, მოუჭერს, გვერდზე გადაწევს, გადატეხავს და ჩაყრის იქვე მომზადებულ კალათაში. ასეთი პურეული, რომ ნამგლით მოიმკას, მისი მარცვალი მიწაზე დაცვივა. რაც გამორიცხულია შნაკვით მოკრეფის დროს. შნაკვი გვევლინება იშვიათ სამკალ-საკრეფ იარაღად, რომელიც უკავშირდება პურეული კულტურების უძველეს სახეობებს. იმისათვის, რომ საქართველო აღიარებულ იქნეს ენდემური პურეული კულტურების ერთ-ერთ უძველეს კერად, შნაკვის არსებობა ძალზე მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს. კერძოდ, ეს გარემოება კარგად გამოიკვეთება ისეთ ძველ პურეულ კულტურასთან კავშირში, როგორიცაა მახა. მახა ორმაგი ბუნებისაა. მასში მოცემულია ერთი მხრივ გარეული პურეულის, ხოლო მეორე მხრივ, კულტურული ხორბლის თვისებები. პირველისთვის დამახასიათებელია თვითცვენადობა, ღეროდ მტვრევადობა და თვითთესვადობა. მეორესთვის კი პოლიპლოიდობა და პოლიგენომობა. აქედან ნათელი ხდება, რომ ეს ჯიში ველურიდან კულტურულზე გარდამავალი ჯიშია და ამდენად, პურეულის აკულტურაციის პროცესის ერთ-ერთი მეტად მნიშვნელოვანი რგოლია, რაც დამამტკიცებელია იმისა, რომ პურეული კულტურის განვითარების ევოლუცია ხდებოდა საქართველოს ტერიტორიაზე.
ლიტ. გ. ჩიტაია, შრომები, ტ. I, 1997.
ე.ნ
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9