ჩა ჩე ჩი ჩო ჩრ ჩუ ჩქ ჩხ
ჩაბ ჩად ჩათ ჩაი ჩალ ჩამ ჩან ჩარ ჩაფ ჩაქ ჩაღ ჩაჩ ჩაჭ ჩახ

ჩანგი

არფისებური სიმებიანი საკრავი, შემორჩენილია მხოლოდ სვანეთში. საკრავის კორპუსი შედგება ჰორიზონტალური (თარაზული) და ვერტიკალური (შვეული) ნაწილებისაგან.
ჰორიზონტული ნაწილი (კოლეფ) ნახევარცილინდრის ფორმისაა. ზემოდან დაკრული აქვს დაახლოებით 4 მმ სისქის თავფიცარი, რომელიც შუა ადგილას ოდნავ ამობურცულია და გაკეთებულია ნახვრეტები ღილაკებისათვის, რაზედაც სიმების ერთი ბოლოებია მიმაგრებული. ვერტიკალური ნაწილი (კუნთ) სწორი და ბრტყელია, გაკეთებული აქვს ნახვრეტები მოქლონებისათვის (ჭკვარერ), რომელთა დანიშნულებაა სიმების მოჭიმვა სათანადო სიმაღლეზე აწყობის დროს. სიმების რაოდენობა სხვადასხვა ჩანგზე სხვადასხვაა, ექვსიდან თოთხმეტამდე. ვერტიკალური ნაწილი, როგორც წესი, ორნამენტირებულია, საკრავის დიაპაზონი დამოკიდებულია სიმების რაოდენობაზე. ჩანგს ამზადებენ ძირითადად წიწვიანი ჯიშებისაგან (ნაძვი, ფიჭვი, იშვიათად სოჭი). წიწვიანების საუკეთესო აკუსტიკური თვისებები აღიარებულია. საქართველოში სიმებიანი საკრავების დამზადების დროს თავფიცრისათვის ყოველთვის ეს მასალაა გამოყენებული. ჩანგს აქვს ძუის სიმები. ყველაზე მოკლე სიმი, ამავე დროს, ყველაზე წვრილია - შედგება 6 ძუისაგან. დანარჩენი სიმების სისქე თითო ძუით მატულობს, ყველაზე გრძელი სიმი ამავე დროს ყველაზე სქელია
ჩანგი სააკომპანემენტო საკრავია. ინსტრუმენტული ჰანგები ფაქტობრივად საფერხულო სიმღერების ტრანსკრიპციას წარმოადგენს. ჩანგი ანსამბლად ჭუნირთან ერთიანდება.
სვანური ჩანგის სახით საქმე გვაქვს უძველესი სიმებიანი საკრავის - არფის ტიპთან. ამ ტიპის საკრავის არსებობა დასტურდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე III ათასწლეულიდან წინა აზიის უძველესი მოსახლეობის - შუმერების (და მათი მემკვიდრეების) კულტურაში. წინა აზიის უძველესი მოსახლეობის მუსიკალური ტრადიციის გაგრძელებად განიხილება - მესაკრავის ბრინჯაოს ქანდაკება ყაზბეგიდან მესაკრავისა ხუთსიმიანი საკრავით ხელში და ნიღბოსანი მესაკრავის თიხის ფიგურა ნიღბოსანი მესაკრავისა უფლისციხიდან, რომლებიც თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე VI საუკუნით. სახელწოდება „ჩანგი“ წერილობთ წყაროებში X-XI საუკუნიდან ჩნდება და იგი შუმერული და ბაბილონური ენებიდან მომდინარეობს. ამ სამუსიკო ინსტრუმენტის სახელწოდებისა და კონსტრუქციის მსგავსება ქართულთან, სხვა მონაცემების გვერდით მხარს უჭერს დებულებას ქართველთა წინაპრებისა და წინა აზიის უძველესი მოსახლეობის მჭიდრო და ხანგრძლივი კულტურულ-ისტორიული კავშირების არსებობის შესახებ.
ლიტ.: დ. ალავიძე, ნ. რეხვიაშვილი, ჩანგი, „საბჭოთა ხელოვნება“, № 6, 1964.
მ. შ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9