ჩა ჩე ჩი ჩო ჩრ ჩუ ჩქ ჩხ
ჩაბ ჩად ჩათ ჩაი ჩალ ჩამ ჩან ჩარ ჩაფ ჩაქ ჩაღ ჩაჩ ჩაჭ ჩახ

ჩარექი

წონის ერთეული, ქართულად ნიშნავს მეოთხედს. გამოიყენებოდა როგორც საწონად, ასევე საწყაოდ, მანძილის და ფართობის საზომად.
წონის საზომად ჩარექი საქართველოში X ს-ის მეორე ნახევრიდან დასტურდება. შეადგენდა ლიტრის მეოთხედს და ამდენად, მისი ოდენობა ლიტრის სიდიდეზე იყო დამოკიდებული. სულხან-საბას მიხედვით: „სპარსნი ლიტრის ნაოთხალსა ჩარექს უხმობენ, რომელსა სომხურად ნუკი და ქართულად გვერდი, გინა ნაოთხალი ეწოდების, ხოლო გვერდისა ნაოთხალსა ქსანი ეწოდება“.
XIX ს-მდე ჩარექის, ისევე როგორც ლიტრის წონა თანაბრად იზრდებოდა როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში. XV-XVI სს-ში ჩარექი შეადგენდა 446 გრ-ს, XVIII ს-ში - 828 გრ-ს. XIX ს-ში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ჩარექის წონის სხვადასხვა მონაცემებია დაფიქსირებული, რაც ლიტრის წონის სხვდასხვაობით იყო განპირობებული. მაგ.: ქართლში ჩარექი იწონიდა 921 გრ-ს, კახეთში - 848გრ-ს, დასავლეთ საქართველოში -1 კგ-ს.
საწყაოთა სისტემაში ჩარექი თუნგის მეოთხედს შეადგენდა და სითხის საზომად გამოიყენებოდა. მასიურად, საწყაოდ ჩარექი XVIII ს-დან გავრცელდა. აღმ. საქართველოში ჩარექი თიხისა და სპილენძისაგან დამზადებული ღვინისა და არყის საზომი საწყაო იყო. სპილენძის ჩარექი გამოიყენებოდა მარნებში, სირაჯის სარდაფებში, დუქნებსა და ბაზრებში, თიხის ჩარექას კი ძირითადად სუფრებზე, ღვინის დალევისას ხმარობდნენ.
სიგრძის საზომად ჩარექი ხშირ შემთხვევაში მტკაველის ნაცვლად გამოიყენებოდა. ზომით იგი ადლის მეოთხედს შეადგენდა. როგორც ფართობის საზომი, ჩარექი დაკავშირებული იყო დღიურთან და შეადგენდა მის მეოთხედს, ე.ი. 0,125 ჰ-ს.
ლიტ.: გ. ჯაფარიძე, ნარკვევები ქართული მეტროლოგიის ისტორიიდან, 1973.
ხ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9