აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აყ აშ აჩ აც აჭ ახ აჯ
აბა აბგ აბდ აბე აბზ აბრ აბშ აბჯ

აბჯარი

სამხედრო საჭურველი, რომელიც მეომარსა და მის ცხენს მტრის მჭრელი და საძგერებელი იარაღისაგან იცავდა. უძველესი დროიდან გავრცელებული იყო ხისა და ტყავის აბჯარი. ლითონის აბჯარი ბრინჯაოს ხანაში გაჩნდა. აბჯარი შედგებოდა ჩაფხუტის, ჯაჭვ-კურტაკისა და ლითონის ან ლითონგადაკრული ტყავის სარტყლისაგან. მკლავებზე (მაჯიდან იდაყვამდე) მეომრები 25-30 ცალ ბრინჯაოს რგოლს იცვამდნენ. ფეხების დასაცავად წვივებზე ქეჩას იკრავდნენ, შემდგომში კი ლითონის მთლიან ფირფიტებს ხმარობდნენ. ძველ საბერძნეთში მსუბუქად შეიარაღებულ ქვეითს სელის ქსოვილის რამდენიმე ფენისაგან შეკერილი ქურქი ეცვა. თავზე მსუბუქი ჩაფხუტი ეხურა და ხელთ მცირე ფარი ეპყრა. მძიმედ შეიარა- ღებული ქვეითის (ჰოპლიტის) აბჯარი შედგებოდა სპილენძის ან რკინის მუზარადის, ჯავშნის, ოვალური ფარისა და საჩერნისაგან (საწვივესაგან). ლითონის სარტყელზე დამაგრებული იყო ლითონგადაკრული ბრტყელი თასმები, რომლებიც კაბასავით ეშვებოდა და მეომარს წელქვევით იცავდა. ასეთი სარტყელი და ჩაფხუტი ჰქონდათ რომაელებსაც, გულმკერდს კი ზედ დამაგრებული ლითონის დაფით იცავდნენ. აბჯრად ხმარობდნენ აგრეთვე ტყავის ტანსაცმელს, რომელზეც ლითონის ფირფიტები ან რგოლები იყო დაკერებული. ამგვარი აბჯრისგან გაჩნდა შემდგომში თორი. აბჯრის ხმარება რომაელებისაგან გალებმაც ისწავლეს. ძველმა გერმანელმა ტომებმა ლითონის აბჯარი VII-VIII სს-ში შემოიღეს. XI ს-ის ევროპაში გავრცელებული იყო ფოლადის ფირფიტებისაგან შეკრული მთლიანი აბჯარი, ხოლო ჯაჭვის აბჯარი - ფოლადის რგოლებით მჭიდროდ ასხმული ბადის შარვალი და პერანგი - ჯვაროსნებმა შეიტანეს აღმოსავლეთიდან (ჯაჭვის აბჯრის ხმარება ჯერ კიდევ ძველმა ასურელებმა იცოდნენ). ამ აბჯრის მუზარადსაც ფოლადის ბადე ჰქონდა, ბადე მხრებს სწვდებოდა და კეფასა და სახეს იცავდა. შემდგომში ჯაჭვის პერანგზე (მხრებზე, კისრის არეში და სხვ.) ზოგჯერ ლითონის ფირფიტებსაც ამაგრებდნენ. XV ს-ის მხედარს ეცვა ჯავშანი, საწვივე, საბარკული და ლითონის ფეხსაცმელი, ხელებზე - ჯაჭვგადაკრული ხელთათმანი. ცხენსაც ჯავშანი იცავდა, შუბლს ლითონის საშუბლე უფარავდა და მკერდზე ფარი ჰქონდა ამოკრული. აბჯარი მეომარს თითქმის ყოველგვარი ცივი იარაღისაგან იცავდა.საასპარეზო და საზეიმო აბჯარი ოქრო-ვერცხლით, პატიოსანი თვლებითა და მდიდრული ქსოვილებით იყო მორთული. მძიმედ შეიარაღებული აბჯროსანი რაინდი ძლიერი ძალა იყო და ხშირად ბრძოლის ბედს წყვეტდა. ცეცხლსასროლი იარაღის სრულყოფასთან ერთად აბჯარმა თანდათანობით დაკარგა მნიშვნელობა.
საქართველოში აბჯარს უძველესი დროიდან ხმარობდნენ. თრიალეთში არქეოლოგიური გათხრებისას აღმოაჩინეს ბრინჯაოს მუზარადისა და ფარაგის ნაშთები (ძვ.წ. III ათასწლეული), ლილოსა და კაჭრეთში - ბრინჯაოს მრგვალი ფარები, სამთავროში - ბრინჯაოს სარტყლები. ვანში აღმოჩენილი ანტიკური ხანის სამარხში დაკრძალულ მეომარს ბრინჯაოს საბარკული და საწვივე ეცვა. ჰეროდოტეს ცნობით (ძვ. წ. V ს.), მოსინიკებს ტყავის მუზარადი ეხურათ და ქსოვილის კვართი (პერანგი) ემოსათ. მოსხებს დაწნული, ხარისტყავგადაკრული, ფათალოს ფურცლისებრი ფარები ჰქონდათ, სხეულს კი სელის კვართით იცავდნენ. ხალიბებსაც სელის კვართი ეცვათ. თავსარქმელად ხესაც იყენებდნენ. ხის მუზარადი ეხურათ მოსინიკებს, ტიბარენებს, კოლხებს. ბერძნული მითის მიხედვით, კოლხეთის მეფე აიეტს ღვთაება არესისაგან ნაბოძები ჰქონია ოთხჯიღიანი ოქროს მუზარადი. საქართველოში ნადავლ საჭურველს, მათ შორის მუზარადებს, სალოცავებს სწირავდნენ, მაგ., ქუცანა ამირეჯიბს ჯალალედინის მუზარადი მრავალძალის ეკლესიისათვის შეუწირავს.
ქართველ მეომრებს თავსარქმელად მუზარადი, ჩაფხუტი და ჩაჩქანი ჰქონდათ. ძლიერი დარტყმის შესასუსტებლად ჩაჩქანქვეშ თუშურ ქუდს იხურავდნენ, მუზარადქვეშ - სვანურს.
ტერმინი „აბჯარი“ შუა საუკუნეების დამდეგიდან საერთოდ საჭურველს აღნიშნავდა, შუა საუკუნეებისმიწურულში აბჯრის შინაარსი „იარაღმა“ შეცვალა და აბჯარში მხოლოდ თავდასაცავი საჭურველი იგულისხმებოდა. აბჯარი საქართველოს მთაში, სადაც მას თითქმის უკანასკნელ დრომდე ხმარობდნენ, ფართო გაგებით თავდასაცავი და შესატევი საჭურვლის ერთ „ტანს“ (ერთ კომპლექტს) აღნიშნავდა. მასში შედიოდა მუზარადი ან ჩაჩქანი, ჯაჭვის პერანგი ან ჯავშანი, სამკლავეები, ფარი, ხმალი, დაშნა, ურსა(დანა), საჩერნე, საბარკული, საცერული, შემდეგ - თოფიც, დამბაჩაც, მასრებიც და საპირისწამლეც. აბჯრიდანაა ნაწარმოები სიტყვები „აბჯრისმტვირთველი“, „მეაბჯრეთუხუცესი“ და „მეაბჯრე“.
ლიტ.: კ. ჩოლოყაშვილი, დასურათებული ლექსიკონი, 2008.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9