ჩა ჩე ჩი ჩო ჩრ ჩუ ჩქ ჩხ
ჩოგ ჩონ ჩორ ჩოტ ჩოღ ჩოჩ ჩოხ

ჩოხა, ფიჩვ, ღართი (სამეგ.), ვოსარ (სვან.)

ადრეფეოდალური ხანის საქართველოში საბერო ტანსაცმელს ეწოდებოდა. გვიანფეოდალურ ხანაში კი მამაკაცისა და ქალის ძალზე გავრცელებული სამოსია. ახალუხთან შეწყვილებით, ჩოხა მამაკაცის კოსტიუმის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტი იყო მთელ კავკასიაში. საქართველოში ჩოხის არაერთი ტიპი იყო გავრცელებული, რომლებიც ერთმანეთისგან მრავალი ნიშნით განირჩეოდა: სიგრძით, წელზე გაწყობით, ზურგსმობმული კალთით, გვერდებზე არსებული ქიმების რაოდენობით თუ გვერდების შეხსნილობით და ა.შ. არსებობს ჩოხის რამდენადმე გამოკვეთილი ტიპები:
1. ქართული, ანუ გლეხური მოკლე ჩოხა, მუხლამდე სიგრძისა, ნაოჭიანი ან ჩაქიანი, ხშირად 2 ჩაქიანი და 16-კალთიანი. გვერდებში შეხსნილი. გულმკერდზე 5-6 სამასრეებით. ამ ტიპის ჩოხის თავისებურ ვარიანტს ქმნიდა კახური ჩოხის ანალოგიით შექმნილი ხევსურული ჩოხა, მისი თავისებურება ისაა, რომ ჩოხის გულისპირის კალთები და ზურგი დაფარული იყო ნაქარგობით. XX ს. პირველ ათეულში მოკლე ჩოხა უმეტესად საქართველოს მთიანეთში იყო შემორჩენილი.
2. ჩერქეზული, ანუ თავადური ჩოხა 4-ჩაქიანი. ორი მაღალი ჩაქი გვერდებთან უკეთდებოდა და ორი დაბალი კი უკან. მხრებში აუჭრელს წინ მთლიანი კალთები ჰქონდა და უკან ზურგსმობმული კალთა. მთლიან კალთებს „ბედენებს“ უწოდებდნენ. მიკერებულ კალთებს „ბღარტებს“. როგორც წესი, ჩოხას ჰქონდა განიერი სახელოები და გულისპირზე დაკერებული „სამასრეები“, საქილეები“ (იმერეთი). სამასრეებში რქის, სპილოს ძვლის ან ვერცხლისთავიანი მასრები ეწყოთ, ზოგჯერ ზედ გამობმული ვერცხლის ძეწკვებით - „ყაწიმებით“. ჩოხა იკვრებოდა ღილ-კილოებით და წელზე შემოსაკვრელი ტყავის ვერცხლის ნაწილებიანი ქამრით, რომელზედაც ხმალ-ხანჯალი ეკიდათ.
3. ქალაქური, ანუ ყარაჩოღული ჩოხა, ფეხის კოჭებს მწვდომ ამ ჩოხას მრავალ (2-16) „ყურებს“//ჩიბუხს//ჩაქს“ უკეთებდნენ. გულმკერდზე ცერად აკერებდნენ დეკორატიულ სამასრეებს. ჩოხის ყველა ნაპირს აბრეშუმის გრეხილი ან ყაითნის ზონარი შემოევლებოდა. ყაითნისავე იყო შესაკრავი ღილ-კილოები. ჩოხის შიდა ნაკერების დაცვის მიზნით ჩაფარიშებს ხმარობდნენ. ჩოხის ფერების შერჩევას სოციალური მდგომარეობა და სპეციალობაც განსაზღვრავდა. ასე მაგალითად, ოთხჩაქიანი ჩოხები თავადაზნაურობის საცმელი იყო, რვაჩაქიანს ყარაჩოღელები ხმარობდნენ. „ჩოხა“ თუშეთსა და ფშავში ქალის ზედა სამოსელსაც ერქვა, ხევსურეთში „ჩოხის ძველს“ დაგლეჯილ ჩოხას უწოდებდნენ, ხოლო შუაფეოდალური ხანის საქართველოში ბერ-მონაზვნური ტანსაცმლით მოსილს „ჩოხოსანი“ ეწოდებოდა. მასრა-ქილებიანი ჩოხა ზოგადკავკასიური ტანსაცმლის ტიპია, მისი აქტიური გამოყენება საქართველოში იწყება XVIII ს-დან.
ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, მქემკი, III-IV, 1962. გ. ჩაჩაშვილი, ქართლელი გლეხის კოსტიუმი XIX საუკუნისა, სსმმ, ტ. XIXAXIXB, 1957.
ც. ბ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9