ცა ცე ცვ ცი ცუ ცხ
ცვა

ცვარა, გავარსი

ქართული ოქრომჭედლობისათვის დამახასიათებელი ხერხია და ნიშნავს ნივთის შემკობას, ზედ დარჩილული ოქროს ან ვერცხლის წვრილი ბურთულებით. მსგავსად ფერადი თვლებით შემკობისა, ლითონის ლითონითვე შემკობაც, ინკრუსტაციის სახესხვაობას წარმოადგენს. იმ მხატვრულ არსენალში, რომელიც ადრეული რკინის ხანის ქართული საოქრომჭედლო სკოლის თავისთავადაბას ქმნის, უმთავრესია გავარსი და მისი დაწყობის წესი, რაც უხვადაა წარმოდგენილი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილ ძვ.წ. VII-VI სს-ის საკიდებსა და საყურეებზე, რომელთა პირდაპირი მემკვიდრეა ადრეანტიკური ხანის ქართული სამკაული, კერძოდ, სხივებიანი საყურეები. განსაკუთრებით საყურადღებო და საინტერესოა ვანში აღმოჩენილი ოქროს გავარსიანი ნივთები, რომლებიც ადგილობრივი ქართული ნახელავია. არასოდეს არც მანამდე და არც ადრეანტიკური ხანის შემდეგ არ უკეთებიათ საქართველოში ასეთი გავარსი - 0,1-0,2 მმ დიამეტრის მქონე ბურთულებით. მხატვრული თვალსაზრისით, გავარსი პოლიქრომიის შემცვლელია და ოქრომჭედლობაში იმავე როლს ასრულებს, რასაც ფერადი ინკრუსტაცია. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში აღმოჩენილი ამავე და ცოტა უფრო მოგვიანო ხანის (ძვ.წ. V-IV სს.) ოქროს სამკაულის საუკეთესო ნაწილიც გავარსიანია. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ახალგორის განძის ცხენის გამოსახულებებიანი სასაფეთქლე საკიდები და საყურეები, აგრეთვე გომბეშოებიანი ყელსაბამი. სწორედ ამგვარ ნაწარმოებში ჩანს ქართული ოქრომჭედლობის ნამდვილი სახე და ინდივიდუალობა. ტექნიკური პროცესი ცვარას, ისევე როგორც გრეხილის, დამზადებისა მრავალი საუკუნის განმავლობაში უცვლელი იყო.
ლიტ.: ი. გაგოშიძე, ქართველი ქალის სამკაული, 1981.
მ.ბ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9