ძა ძე ძი ძნ
ძაბ ძალ ძარ ძაღ ძაძ

ძაძა

ქალის სამგლოვიარო სამოსელი. XIX ს. საქართველოში მგლოვიარე ქალები ერთი წლის ვადით შავი ფერის ჩასაცმელს ხმარობდნენ. აუცილებელი იყო თავზე დიდი ზომის შავი თავსაფრის დაბურვაც. სამეგრელოში მგზავრობის დროს გამოყენებული ჩანს მთელ ტანზე მოსახური, ნაბდის მსგავსი - „ანაფორა“.
„ძაძა“ ძირითადად ღაზლის ქსოვილია, სამეგრელოში დაცული „ძანძა“ კი კანაფისა და სელის ქსოვილების ზოგადი სახელწოდებაა. სამგლოვიარო სამოსელთან დაკავშირებით საქართველოში ბევრი ძველქართული წესია შემორჩენილი, განსაკუთრებით სვანეთსა და სამეგრელოში, სადაც გლოვის ყველაზე ხანგრძლივი ვადებია დაფიქსირებული.
მეგრელთა რწმენით, ძაძა თავგანწირულთა სამოსელია და მას მაშინ იყენებენ, როცა ახლობელი დაეღუპებათ. ასხვავებენ ძაძის ორგვარ სახეობას: დაკბილულნაპირებიანი სამოსი და ფოჩებჩამოშლილი, დაწესებული იყო მათი ტარების ვადებიც, 7 ან 40 დღე.
ძაძის განახლება თითქოს სხვის სიკვდილს იწვევდა, მის დაკერებასაც კი ერიდებოდნენ. ნახმარ ძაძას ეზოს გარეთ გაიტანდნენ დასაწვავად, ან ჩამდინარე წყალს გაატანდნენ.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში გლოვისას ტანსაცმელზე გულსაფარს აიკრავდნენ, რათა მისი მოქარგული ნაწილები დაეფარათ. აქვე შემოინახა ერთი ძველი წესიც, მიცვალებულის სახელზე თმების მოკვეცისა და საფლავში გატანებისა. ხევსურეთში ამ წესს უმცროსი ძმის სიკვდილის შემთხვევაში მიმართავდნენ.
ძმის გამო გლოვა სხვა მხრივაც იყო გამოხატული, თუ გაუთხოვარ ქალს უცოლშვილო ძმა მოუკვდებოდა, მთელი სიცოცხლის მანძილზე ტანსაცმლის ნაქარგიდან უნდა ამოეღო თეთრი, ყვითელი, ცისფერი, წითელი ძაფები, სირმა, სამკაული და მძივები, აღარ იცეკვებდა და აღარც ილექსებდა, ზოგიერთი უძმოდ დარჩენილი ქალი მთელ თავის სიცოცხლეს სულ შავებში გაატარებდა.
თუშეთში ღრმა მწუხარებისას ქალი კაბის უბეზე ერთი არშინის სიგრძის ლითონის ჯაჭვს დაიკიდებდა, რომელსაც ბოლოზე შავი ბაწრის ძაფებით ეკიდა ფოჩებჩამოშლილი „ქოქირაი“. გლოვის დასასრულსჯაჭვის ბაწრიან ნაწილებს დაკუწავდნენ და ჩამდინარე წყალს გაატანდნენ.
საქართველოში გლოვის სხვა წესებთან ერთად აღსანიშნავია ხევსურეთში მანდილის კანჭის ჩამოშვებისა და თუშეთში მანდილის ორივე ყურის ყელზე შემოხვევის წესები. მგლოვიარეს არც სახლში შეეძლო უთავსაბუროდ ყოფნა, იგი შავ დიდ თავსაფარს რამდენჯერმე დაკეცილი თავსახვევით იმაგრებდა.
სამგლოვიარო ტანსაცმელს არ ატარებდნენ ერთ წლამდე ბავშვის სიკვდილის, მეხდაცემულის, „ბატონებით“ გარდაცვლილისა და სულით ავადმყოფის დაღუპვის დროს. მგლოვიარე ქალი დროებით აკრძალვებსაც უნდა დამორჩილებოდა. ვისაც ოჯახში პატარა ჰყავდა, დიდხანს გლოვა არ შეეძლო. დროებით უნდა გაეხადათ სამგლოვიარო ტანსაცმელი დიდი დღესასწაულების პერიოდში, ასევე ნიშნობა-ქორწილებში, „ბატონების“ სტუმრობისა და ლოცვის დროს.
ლიტ.: ც. ბეზარაშვილი, სამგლოვიარო ტანსაცმელი ქიზიყში -“ძაძა-ფლასი“, სსმმ, ტ. XLII-B, 1997.
ც. ბ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9