ძა ძე ძი ძნ
ძაბ ძალ ძარ ძაღ ძაძ

ძაძა-ფლასი

ქალის სამგლოვიარო ჩასაცმელი. საქართველოს კუთხეებიდან XX ს. პირველ ათეულ წლებში ქიზიყსა და გურიაში ჯერ კიდევ ახსოვდათ სამგლოვიარო ჩასაცმელის აღსანიშნავად გამოყენებული ძველი სახელწოდება „ძაძა-ფლასი“. საქართველოში ტერმინი „ძაძა“ სამგლოვიარო სამოსელის ზოგად სახელწოდებადაა ცნობილი. ქიზიყში დადასტურებული ეს სახელწოდება კი განსხვავებული შინაარსის მატარებელია - „ძაძა“ თავზე მოსახური, ბამბის დაუძახავი ძაფისგან მოქსოვილი და ნაპირებჩამოშლიშლი თავსაფარია. საბასთან ძაძა შალის უხეში ღაზლის ქსოვილადაა განმარტებული, ხოლო ფლასი თხის ბალნისაგან დამზადებულს ჰქვია. ორივე ფორმისათვის ნიშანდობლივია სისადავე და კაბის ნაპირების შეუკეცავობა. გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ ზოგჯერ ამგვარი კაბების შემოკეცვაც შეეძლოთ, მაგრამ ძაძა-თავსაფარი, რომელსაც საგარეოდ მოიხმარდნენ, შემოუკეცავი უნდა გაეცვითათ. გურიაში ყველაზე მეტად ქმრისა და შვილის დაკარგვის გამო გლოვობდნენ. ქვრივს აუცილებლად ძაძა-ფლასი უნდა ეტარებინა, რომელიც იმ პერიოდში გავრცელებული სამოსის ფორმა იყო, მაგრამ უბრალო მასალისაგან ულაზათოდ შეკერილი და თანაც შემოუტეხავი. ძაძა-ფლასში გახვეულებს საცვლებიც შავი უნდა სცმოდათ, ასევე ფეხშველა უნდა ევლოთ და ლოგინის გარეშე, ხმელ ჭილოფზე უნდა დაეძინათ. ეს ტანსაცმელი თავისით უნდა გაცვეთილიყო, ეკრძალებოდათ საკერავის დადება და განახლება. ძაძა-ფლასის ტარების ვადად ძირითადად 40 დღე იყო.
ლიტ.: ც. ბეზარაშვილი, სამგლოვიარო ტანსაცმელი ქიზიყში - „ძაძა-ფლასი“, სსმმ, ტ. XLII-B, 1997.
ც. ბ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9