ჭა ჭვ ჭი ჭო ჭრ ჭუ
ჭა ჭვ ჭი ჭო ჭრ ჭუ

ჭა

წყალმომარაგების მიწისქვეშა ობიექტი, ძირითადად, ინდივიდუალური სარგებლობისათვის. საქართველოს ბარში მეტ-ნაკლებად ყველგან იყო გავრცელებული. განსაკუთრებული განვითარება პოვა დასავლეთ საქართველოში. ჭა ჩვეულებრივ ამოშენებულია ქვით, მაგრამ გვხვდება ამოუშენებელი ჭებიც (მაგ., გურიაში). ჭის მშენებლობა პროფესიულ ხელობათა რიგში ექცევა, ამიტომ ამ ცოდნას საგანგებო დაუფლება სჭირდება. ჭა იჭრება წერაქვითა და ნიჩბით. ჭის მშენებლობის დაწყებიდან 1,5 მეტრის სიღრმის შემდეგ, იდგმება ხის ოწინარი, რომლის მეშვეობით ამონათხარი მიწა ამოაქვთ მაღლა, ხოლო სამშენებლო ქვები ჩაეწოდება მიწის სიღრმეში მომუშავე ხელოსანს. როგორც კი ჭის ძირზე წყალი ამოხეთქავს, ხელოსანი იწყებს მის ამოშენებას ქვით. ჭა შენდება როგორც საგანგებოდ მოტეხილი, ასევე რიყის ქვითაც. ჭის მშენებელი კარგად უნდა ფლობდეს ქვების ერთმანეთზე „კბილებით“ მორგების წესებს, რადგან ქვამ ქვა უნდა გაამაგროს. შენება მიმდინარეობს წრიულად და საბოლოოდ წარმოიქმნება 40-50 სმ. დიამეტრის ქვის მილი, რომლის სიღრმე ზოგჯერ 20 მეტრსაც აღწევს. ამოშენებულ მილს მიწის ზედაპირზე უკეთდება გვიმი ქვის, ხის ან თიხის. ჭა საცხოვრებელი ნაგებობის კომპლექსის შემადგენელი ნაწილი იყო. ამიტომ მის ესთეტიკურ გაფორმებას დიდ ყურადღებას აქცევდნენ. ჰიგიენის დაცვის მიზნით ჭის გვიმსაც უკეთებდნენ თავსახურს და ხურავდნენ მაღალ ბოძებზე დამყარებული სახურავით. ჭასთან, როგორც წესი, იდგმებოდა ქვის გეჯები, შინაური ცხოველების დასარწყულებლად. ჭიდან წყლის ამოღების გაიოლების მიზნით ჭას უკეთდებოდა ოწინარები და მექანიკური გორგოლაჭიანი და სახელურიანი სატრიალებელი. 2-3 წელიწადში ერთხელ მაინც ხდებოდა ჭების ამორეცხვა-ამოსუფთავება. ჭა, როგორც წყლით მომარაგების ეფექტური ჰიდროტექნიკური ობიექტი, სავსებით აკმაყოფილებდა იმ მოთხოვნილებას, რაც ოჯახს ესაჭიროებოდა ყოველდღიური საქმიანობისთვის.
ლიტ.: ე. ნადირაძე, ხალხური ქვითხუროობა იმერეთში, 2001.
ე. ნ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9