ჭა ჭვ ჭი ჭო ჭრ ჭუ
ჭია ჭიბ ჭიგ ჭიკ ჭილ ჭინ ჭირ ჭიფ ჭიქ ჭიშ ჭიჭ

ჭიანური (რაჭ. თუშ. ხევს. გურ.), ჭუნირი (სვ.)

ერთ-ერთი არქაული საკრავი ქართულ ინსტრუმენტარიუმში. იგი ყველაზე ცოცხლად სვანეთშია შემონახული. რაჭული ჭიანური ორსიმიანია, სვანური და თუშური - სამიანი. სვანური ჭუნირი კორპუსი (კარვა, საცერი) წარმოადგენს რკალს, რომელსაც თავფიცრის ნაცვლად გადაკრული აქვს მემბრანა - საქონლის ფაშვი და ქვემოდან ღიაა. სახელური ბრტყელია, თავზე გაკეთებული აქვს ნახვრეტები. სიმები (ჯილარ) ძუისაა. ხემი მშვილდისებურია. რაჭაში მთლიანი ხისაგან გამოთლილი კორპუსის მქონე ჭიანურიც გვხვდება, რომელიც ნავისებური ფორმისაა. ზემოდან გადაკრული აქვს ტყავი (რაჭ. შეირა), თავი მომრგვალებულია, ხემი (რაჭ. კაკვი) - მშვილდისებური.
სვანური ჭუნირის სიმებს სიმღერის ხმების სახელები აქვთ: კივ (მაღალი ხმა), მაჟოლ (დამწყები), ბან (ბანი).
დაკვრის წინ ხემის ძუას გაუსვამენ ფისზე, რომელიც საკრავის კორპუსზე არის წასმული, რათა ხემმა ხრინწიანი ბგერები არ გამოსცეს. ჟღერადობის გასაუმჯობესებლად საკრავს დაკვრის წინ მზეზე ან ცეცხლთან ათბობენ.
დაკვრის დროს შემსრულებელს საკრავი მუხლებს შორის ვერტიკალურ მდგომარეობაში უჭირავს.
ჭუნირს ფართო ადგილი ეჭირა სარიტუალო პრაქტიკაში. ამ მხრივ აღსანიშნავია სვანეთში დამოწმებული „სულის დაჭერის“ წესი: როცა ვინმე სახლიდან შორს გარდაიცვლებოდა და გვამს სახლში მიიტანდნენ, იწყებოდა ზრუნვა მისი სულის დაბრუნებაზეც. ძველი რწმენით, სული რჩება სიკვდილის ადგილას. ნათესავები მოიწვევდნენ ჭუნირის კარგ დამკვრელს, სახლიდან წაიყვანდნენ მამალს და წავიდოდნენ იმ ადგილას, სადაც მათი ნათესავი დაიღუპა. დაიწყებდნენ დაკვრას და უკრავდნენ მანამ, ვიდრე სულის პოვნის რაიმე ნიშანს არ მიიღებდნენ. ანალოგიური რიტუალი სრულდებოდა რაჭაში ზვავით გატანილის სულის მოსაძებნად და სახლში დასაბრუნებლად. ხემიანი საკრავის კავშირი მიცვალებულის კულტთან მის სიძველეზე მეტყველებს.
ლიტ.: მ. შილაკაძე, ქართული ხალხური საკრავები და საკრავიერი მუსიკა, 1970. ივ. ჯავახიშვილი, ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები, 1938.
მ. შ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9