ჭა ჭვ ჭი ჭო ჭრ ჭუ
ჭია ჭიბ ჭიგ ჭიკ ჭილ ჭინ ჭირ ჭიფ ჭიქ ჭიშ ჭიჭ

ჭიბონი, თულუმი

მუსიკალური საკრავი, გუდასტვირის ნაირსახეობა. გავრცელებული იყო აჭარაში, მესხეთში, ლაზეთსა და შავშეთ-იმერხევში. სახელწოდება „თულუმი“ თურქულია. წერილობითი წყაროების საფუძველზე ივანე ჯავახიშვილი ვარაუდობდა ამ საკრავის გავრცელებას საქართველოში ჭიბონი // ჭიმონის სახელწოდებით. აჭარული ჭიბონის გუდა თხის (იშვიათად ცხვრის) ტყავისაა. ითვლება, რომ თხის ტყავი ადვილი დასამუშავებელია და დიდხანსაც ძლებს (10-15 წელიწადს). გუდას ბეწვიანი მხარე შიგნით აქვს. გუდის უკანა კიდურები და ყელი მაგრად არის შეკრული, ისე, რომ ჰაერი არ გამოვიდეს. ყელის ადგილზე „სილამაზისათვის“ ჩადგმულია სარკე. ერთ-ერთ წინა კიდურში იდგმება საბერავი, საიდანაც ივსება ჰაერით გუდა. საბერავი მზადდება დიდგულისაგან, იშვიათად წიფლის ან ნაძვისაგან და უკეთდება სატუჩე. საბერავს გუდაში ჩამაგრებული ნაწილის ბოლოს მილთან მიმაგრებული აქვს მეში - ტყავის პატარა ნაჭერი, რომელიც გუდაში ჩასულ ჰაერს უკან აღარ ატარებს (რაჭაში ჰქვია „პეპელა“). ჭიბონის ხის ნაწილი ე.წ. „ნავი“ (რაჭაში „სტვირის ბუდე“) მზადდება ლეკის, თხმელის, ცაცხვის ან კაკლისაგან. ნავის სიგრძეა 20-25 სმ. მასში ჩასმულია დედნები, ორი ლერწმის მილი, რომელზედაც გაკეთებულია ნახვრეტები. ხმის დასარეგულირებლად ბანის დედანზე ნახვრეტს საჭიროების შემთხვევაში სანთლით ამოლესავენ. დედნებში ჩასმულია ლერწმის ორი პატარა მილაკი. ჭიბონი საკმაოდ პოპულარული საკრავი იყო. პროფესიონალი მეჭიბონეები სასურველი სტუმრები იყვნენ ქორწილში, წვეულებებსა და ხალხურ დღესასწაულებზე. თუ ორი ან მეტი მეჭიბონე ერთად აღმოჩნდებოდა, მათ შორის შეჯიბრიც იმართებოდა. ქორწილში მიღებული იყო მეჭიბონისათვის გასამრჯელოს მიცემა - დამკვრელის წინ დაფენილ „მანდილზე“ ფულის დადება. იყო შემთხვევები, როცა მეჭიბონეს ოჯახი წინასწარ საგანგებოდ იწვევდა და გასამრჯელოსაც აძლევდა. მეჭიბონეები ნახევრად პროფესიონალები იყვნენ. ჭიბონი იშვიათად სიმღერის თანმხლებიც იყო. აჭარაში გავრცელებული წესით, მეჭიბონე უკრავდა და სიმღერას სხვა ასრულებდა (განსხვავებით რაჭულისაგან, სადაც მესტვირე თავად მღერის). არც ის იყო უჩვეულო, როცა მეჭიბონე ერთდროულად უკრავდა, მღეროდა და ცეკვავდა.
ლიტ.: ვ. ახობაძე, ქართული (აჭარული) ხალხური სიმღერები, ბათუმი, 1961.
მ. შ .
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9