ჭა ჭვ ჭი ჭო ჭრ ჭუ
ჭია ჭიბ ჭიგ ჭიკ ჭილ ჭინ ჭირ ჭიფ ჭიქ ჭიშ ჭიჭ

ჭიქური

თიხის ჭურჭლის შესაღებად განკუთვნილი ნივთიერება - ტყვიის, კალის, თაგვმარილას, შუშისა და შავი ქვის (მარგანეცის) ნაერთი. მოჭიქული ჭურჭელი ორჯერ გამოიწვის. პირველ გამოწვას „წითლად დაწვას“ ეძახიან, მეორედ კი - „ქაშანურად დაწვას“. საქართველოში მოჭიქული ჭურჭლით სახელგანთქმულია კახეთი, ქართლი, იმერეთი. ჭიქურით ძირითადად წვრილი ჭურჭელი იღებება, მსხვილი ჭურჭლიდან კი 3-5-ხელადიანი ჩაფურა-გოზაურები და ქილები. მოჭიქულ ჭურჭელს ხალხი მოკალულ, ჩინურ, ქაშანურ, წამალგადასმულ და ინგლისურ ჭურჭელს უწოდებს. სამეცნიერო ლიტერატურაში უპირატესობა მონიჭებული აქვს ტერმინ „მოჭიქულ ჭურჭელს“, რაც განპირობებულია ჭურჭლის მოჭიქვის ტექნოლოგიური შინაარსით - საჭიქურე „წამალში“ საკუთრივ ჭიქა (მინა, ბროლი) 50%-ზე მეტია.
ჭიქურის მისაღებად მეჭურჭლენი კალამოჭარბებულ ჭიქურის კაზმს ხმარობდნენ და მოკალულ ჭურჭელსაც ამ ნიშნის მიხედვით უწოდებდნენ. ტერმინი - „ჩინური“ და „ქაშანური“ ჩინეთიდან და სპარსეთიდან შემოტანილი მაღალი წოდების წრეებში ხმარებული ჭურჭლის მიმსგავსებითაა განპირობებული. „წამალგადასხმული ჭურჭელი“ მეჭურჭლეთა მიერ მისადაგებული სახელწოდებაა, რადგან ისინი ჭიქურის კაზმს „წამალს“ ეძახიან. ტერმინი „ინგლისური ჭურჭელი“ დაკავშირებული უნდა იყოს ჭურჭლის „განგლესა“, „განგოზვასთან“. საოჯახო ყოფაში მოჭიქული ჭურჭელი გამოიყენება მწნილეულის, ყველის, მურაბების, გაწურული დოსა და მაწვნის, მუჟუჟის და სხვა პროდუქტების შესანახად.
სადა ჭიქურით უმეტესად ქოთან-ქილები და ჯამ-ლანგრები მზადდება, რომლებიც ყოველთვის შიგნიდან და გარედანაა მოჭიქული, სითხის დასაყენებელ-შესასმელი ჭურჭლები გარემოჭიქულობით მშვენდებოდა და მეტწილად თეთრ ჭიქურს ქვეშ მწვანედაა მოხატული. წითლად გამომწვარი ჭურჭელი ჯერ თოგალით (იხ.) დაჭრელდება და შემდეგ მოჭიქურდება.
ჭიქურის კაზმის ანუ წამლის შემადგენელი ნივთიერებანი ტყვია, კალა, თოგალი და თაგვმარილა ჯერ ცალ-ცალკე უნდა შემზადდეს-დაიწვას, შუშა და კვარციანი მიწა კი უნდა დაინაყოს და გაიცრას, შემდეგ სათანადო პროპორციით ერთმანეთში აირიოს და ხელის ან წყლით მბრუნავ წამლის წისქვილზე (იხ. წამლის წისქვილი) დაიფქვას.
ხალხური ჭიქური მდიდარი ფერებით გამოირჩევა: ცისფრად ან მწვანედ მოჭიქული ჭურჭელი უმეტესად სადა - მოუხატავია, თეთრად, ნაცრისფრად და ყვითლად მოჭიქული კი თითქმის ყოველთვის თოგალითაა მოხატული, ჭურჭელზე ხატავენ: კლაკნილს, კორკორას, კუწუბებს, ღილაკებს, მცენარეებს, ბადიებსა და ლანგრებზე ფრინველთა და ცხოველთა გამოსახულებებს. ჭურჭელთა უმეტესობა გეომეტრიული ორნამენტებითაა დაფარული.
მოხატული ჭურჭელი სწრაფად შრება და მაშინვე იწყება მისი მოჭიქვა. ჭურჭლის მოჭიქვა ხდება ჭიქურის შემოსხმით მის გარე ზედაპირზე. ჭურჭელი უჭირავთ მარცხენა ხელით თავდაყირა, თაღარიდან ჯამით ამოღებულ ჭიქურს ხელოსანი მარჯვენა ხელით შემოასხამს ან ჩაასხამს ჭურჭელში. ჭიქურში გავლებული ჭურჭელი მაშინვე ეწყობა ქურაში.
ჭიქურით იმოსებოდა არა მხოლოდ ჭურჭელი, არამედ სამშენებლო მასალებიც (მაგ., კრამიტი, კარნიზი, ფილა და ა.შ.).
მოჭიქული ჭურჭელი საქართველოში აღმოჩენილია სამთავროში, ბაგინეთში, არმაზისხევის სამაროვანში, რაც მიუთითებს საქართველოში მოჭიქული ჭურჭლის წარმოების უძველეს ტრადიციებზე.
ლიტ.: ს. ბედუკიძე, მოჭიქული ჭურჭლის წარმოებისათვის შიდა ქართლში, მმტXIX-A XXI-B, 1957.
მ. ზ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9