ჭა ჭვ ჭი ჭო ჭრ ჭუ
ჭრა

ჭრაქი

გასანათებელი, სანათი. ამზადებდნენ ცეცხლგამძლე მასალისგან: თიხა, ლითონი და იშვიათად, მინა. შედგება საკუთრივ ჭურჭლისაგან, რომელშიც საწვავს - ქონს, ზეთს ან ნავთს ასხამდნენ და პატრუქისგან, რომელსაც ცეცხლს უკიდებდნენ. საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ჭრაქებიდან ყველაზე ადრეულია რიონის ქვემო წელზე აღმოჩენილი თიხის ჭრაქები (ძვ.წ. VI-V სს.). ისინი პატარა ჯამის ფორმისაა, მოუჭიქავია, უსახელურო და სახმარად პრაქტიკული.
შუა საუკუნეებში ფართოდ გავრცელდა მოუხატავი, ჭიქურით შემკული ჭრაქები. თბილისის კერამიკული სახელოსნოს გათხრებმა გამოავლინა ნიჟარისებური, შიგნით სამმხრივად გვერდებჩაკეცილი, ბრტყელძირა ჭრაქები, გვერდებს შორის პატარა საპატრუქეთი და მოპირდაპირე მხარეს - სახელურით. ამ ჭრაქების შიგა ზედაპირი დაფარული იყო ფერადი (ცისფერი, სოსანისფერი, ღვიძლისფერი) ჭიქურით. აქვე აღმოჩენილ იქნა კოჭობის ფორმის, თიხის, მილნისკარტიანი ორი ჭრაქი, ძირზე სამი პატარა ფეხით (IX-VIII სს.).
გვიანი შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელია ჭრაქის უფრო განვითარებული ტიპი: სოკოსებური ფორმის, ცალყურა, რომელიც ჭრაქის ტანთან განუყოფელ ბრტყელ ლამბაქზე დგას.
ადრე შუა საუკუნეებიდან საქართველოს ტერიტორიაზე დასტურდება მინის მოხდენილი ჭრაქები.შუაფეოდალურ ხანაში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ფართოდ გავრცელდა მწვანე და მომწვანო ტონის ფერის ჩამოსაკიდი ლამპრები. დასადგმელთან შედარებით ჩამოსაკიდი ლამპრით შესაძლებელი იყო ინტერიერის უფრო დიდი ფართობის განათება. დავითგარეჯში ნათლისმცემლის განათხარ მასალებში აღმოჩნდა საწვავჩამხმარი ჭრაქები, რომლის ქიმიურმა ანალიზმა აჩვენა, რომ აქაური ბერები საწვავად იყენებდნენ ნავთობის მასალას.
ლითონისგან დამზადებული ჭრაქებიც ფართოდ იყო გავრცელებული ყოფაში და მათ მჭედლები ამზადებდნენ. დროთა განმავლობაში ლითონის ჭრაქის ფორმები და შემკულობაც იხვეწებოდა და ზოგიერთი მათგანი ხელოვნების ნამდვილ ნიმუშებად შეიძლება ჩაითვალოს.
ჭრაქის ასანთებად საჭირო იყო საწვავი: ზეთი (სელის, კანაფის), ცხოველური ცხიმი (მესაქონლეობით დაწინაურებულ რეგიონებში), თევზის ქონი (შავისზღვისპირა ზოლში).
XIX საუკუნის ბოლო მეოთხედიდან საქართველოში ნავთობისა და ნავთის შემოტანა დაიწყეს ბაქოს ნავთობსარეწებიდან. ჭრაქს უკვე სოფლადაც ნავთით ანთებდნენ, მაგრამ მისი სიძვირის გამო მოსახლეობის მხოლოდ შეძლებული ფენისთვის იყო ხელმისაწვდომი.
საპატრუქედ იყენებდნენ ბამბის დაძახულ მსხვილ ძაფს, კანაფის თოკს ან ქსოვილის დაგრეხილ ნაჭერს.
ჭრაქმა, ყოფაში გამოსაყენებელმა ამ მეტად საჭირო ნივთმა, არსებობა პრიმიტიული ფორმით დაიწყო და დროთა განმავლობაში ხელოსნობის განვითარებასთან ერთად უფრო დახვეწილი და სრულყოფილი გახდა. რა თქმა უნდა, იცვლებოდა მისი დასამზადებელი და საწვავად გამოსაყენებელი მასალაც და მაინც, მიუხედავად ელექტროფიკაციისა, XX საუკუნის ბოლოსაც კი, ენერგეტიკული კრიზისის პირობებში საქართველოს ბევრ რეგიონში კვლავაც გამოიყენებოდა.
ლიტ.: მ. მიწიშვილი, მოჭიქული კერამიკის საწარმო შუა საუკუნეების თბილისში, 1979. მ. ჩხატარაშვილი, მინის ჭურჭელი შუა საუკუნეთა საქართველოში, 1978. ნ. კიღურაძე, ჭრაქები, დიდი პიტიუნტი, II, 1977.
ხ. ც.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9