ჭა ჭვ ჭი ჭო ჭრ ჭუ
ჭუკ ჭურ

ჭურჭელი ხისა

საქართველოს საოჯახო და სამეურნეო ყოფაში უდიდესი როლი ეჭირა ხის ჭურჭელს, რომელიც პრეისტორიული ხანიდანვე ყველაზე ხელმისაწვდომი იყო ადამიანისთვის. საქართველოში, როგორც ხის დამუშავებით განთქმულ ქვეყანაში, ხის ჭურჭლის ნაირგვარი სახეობა შეიქმნა, რომელთა უტილიტარული დანიშნულების პარალელურად წარმოიშვა მათი შემკობის უდიდესი ტრადიციები. საკვები პროდუქტის მნიშვნელობამ და მისმა სარიტუალო დანიშნულებამ განაპირობა ამ ჭურჭელთა მორთვის ასეთი მაღალი დონის ხელოვნება და თანამედროვე ყოფას დღემდე შემორჩა ეს ძირძველი ტრადიციები. ჭურჭლის ფორმასა და ხარისხს დიდი მნიშვნელობა ენიჭება კულტურის ისტორიის შესწავლისათვის, რადგან მისი წარმოშობა-განვითარება ბევრად განსაზღვრავს ხალხის კულტურულ დონეს. საქართველოში გავრცელებული ჭურჭელი ფუნქციის მიხედვით შესაძლებელია დაიყოს შემდეგ ჯგუფებად: ა) მარცვლეულისა და ფქვილის შესანახი - კოდი, კასრი, ხოკერი. ბ) ცომი მოსაზელი - ვარცლი, ხონი, ტმოშტი, გობი. გ) რძის პროდუქტები დასამზადებელი და შესანახი - სადღვებელი, ვარია, ჩხუტ-ბრუნელი, საწველელი - დურკი, კასრი, ნაღების შესაგროვებელი - საზეური, ნაღების მოსაყენებელი - ბაკანი, პინა, სანაღბე, კარაქის მოსაკავებელი ერბოს ჩასადები - ბაზუნა (აღმ. საქართველო). დ) სამზარეულო და სუფრის ჭურჭელი. პირველში ერთიანდება: ხონჩა, სანაყი, როდინი, ფილი, ხელხონა, სამარილე, ქუბდა, ტაგანი, კოვზები. საფაფენი, ფოცხვი, ციცხვი, ქაფქირი. სუფრის ჭურჭელს განეკუთვნება: ჯამი - საჯალაბო, საკაცო, საქალო, საბალღო, წიწანი, ტაბაკი, ხონჩა, თუშურა, ქიტი, კონჩხა, კოში, ტარკოშა, სუფრის კოვზები და ა.შ. ე) წყლის ჭურჭელი - კასრი, ტაგანი, წურწუმა, კოკა და სხვა. ხის ჭურჭლის რიგში ექცევა აგრეთვე ხის ქერქის ჭურჭელიც, რომლის ზოგადი სახელი აღმ. საქართველოს მთიანეთში „ხოკერია“.
ლიტ.: მ. ხაზარაძე, ქართულ ხალხური ხის ჭურჭელი, 1988.
ე. ნ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9