ხა ხე ხვ ხი ხმ ხო ხრ ხუ
ხავ ხათ ხალ ხამ ხან ხარ ხას ხაფ ხაშ ხაჩ ხაჭ ხახ

ხალი

აქ: მოხალული ქერის ფქვილი. ამზადებდნენ ასევე იფქლის, შვრიის, სიმინდის, სვილის, ცერცვის, ქერშვილის, სიმინდნარევი ქერისგანაც. ყველაზე კარგი სიმინდშერეულია. ხალი ძირითადად მწყემსების საჭმელია და მთაში იგი პურის მაგივრობას სწევს. მიუხედავად იმისა, რომ კახეთის ბარში ქერის მოსავალი უფრო უხვი იცის, თუშები არჩევენ თუშურ ქერს, რადგან მისი ხალი უფრო ტკბილი და გემრიელი გამოდიოდა. ხალის მომზადებისას სახალე მარცვალს მოხალავდნენ ღუმელში, რომელსაც მარცვლის „სატყრობი“ ისე აქვს მოწყობილი, რომ ქერის მარცვლები თანაზომიერად გაფიცხდეს და ქერქი შემოასკდეს. თუ ამზადებენ ნარევი მარცვლის ხალს, ჯერ ქერი, მერე იფქლი და ბოლოს სიმინდი „უნდა შაიწვეს“. ასარევად ფლასზე დაყრიან, დაცხრილავენ და დასაფქვავად მოამზადებენ. დაფქვილს გუდებში ინახავენ. ხალის მომზადებისას ფქვილს გაცრიან, წყალს ან რძეს დაასხამენ, ხელით მოზელენ გუნდებად და სუფრაზე მიიტანენ.
სამგზავრო ხალი კვერებად, გუნდებად კეთდება. როდესაც მწყემსს დრო არა აქვს დასაჯდომად, რადგან ცხვარს მისდევს, ფეხზე ზელს გუდაში ხალს, ქუმელს. ხალში იციან ერბოს ან კალტის გარევა, რის მიხედვითაც ასეთს ეწოდება ერბო-ხალი, ერბოიან ყვაი, ან კალტიან ყვაი. კალტსა და ყვალს ერთად მოზელილს თუში მეცხვარეები „ნახელას“ უწოდებენ. პირიქითა ხევსურეთში (შატილი, არხოტი, ჯუთა, არდოტი, ხახაბო) იცოდნენ ერბოში გაზელილი ხალის სამი „ბურკვის“ გაკეთება, სამი „ფეხი“ სანთლის ანთება და შესახელება ხახმატის ხატისათვის, როგორც მონადირის მფარველი ხატისათვის. მთა-თუშეთში ხატის მიწების გარდა, საერთო ნაკვეთი ყოფილა „სახალე“, რომელსაც სოფლურად ამუშავებდნენ და მიღებულ ქერს კომლურად ინაწილებდნენ. როგორც ხალი, ისე სასოფლო სახალე მიწა, მიწის სათემო სარგებლობის ერთი ძველი გადმონაშთია.
ლიტ.: ივ. ბუქურაული, ტბათანიდან წოვათამდინ, 1897. ალ. ჭინჭარაული, ხევსურეთის თავისებურებანი, 1960.
ნ. ჯ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9