(სამეგრ.) - მარტივი სახვნელი (მიწის საწერი იარაღი). შედგებოდა: მხრის, საკვეთელისა და სახელურისაგან. იყენებდნენ ბალახმორეული ნიადაგის გასაღარ-დასაწერად. ჯაში - ოხონალში უღელ ხარს აბამდნენ. იგი ისეთივე მარტივი აგებულებისა იყო, როგორც სვანური „ლაღრავი“, თუშური „საკვეთელი“, ხევსურული „კავწერა“, „საწერა“. ამ ტიპის იარაღს ანალოგები ევროპაშიც მოეპოვება. იგი სახვნელთა შორის ყველაზე მარტივი და ადრეული ტიპის იარაღია.
ჯაში-ოხონალი არ იყო დამოუკიდებელი სახვნელი იარაღი, ამ იარაღით დაღარვის შემდგომ უკვე მეორე სახის სახვნელს - ოგაფას გაატარებდნენ. ჯაში - ოხონალის გამოყენებით მის მიმყოლ ოგაფას უადვილდებოდა მიწის გაპობა, რადგან ოგაფას სახნისს, რომელიც ჰორიზონტალურ სიბრტყეში ჭრიდა ბელტს, წინდაწინ უკვე ვერტიკალურ სიბტყეში გაჭრილი სახნავი ფენა ხვდებოდა. ორი სხვადასხვა სახვნელი იარაღის კომპლექსური მუშაობა სახნის-საკვეთლიანი სახვნელის ფუნქციას ასრულებდა.
როგორც ჯაში-ოხონალით, ისე ოგაფით მუშაობისას ხშირად მიმართავდნენ დროებით შრომით გაერთიანებას (იხ. ოგაფა).
ლიტ.: გ. ჯალაბაძე, მიწათმოქმედება სამეგრელოში, კრ. მასალები სამეგრელოს ეთნოგრაფიული შესწავლისათვის, 1979.
თ.გ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3