ბა ბე ბი ბო ბრ ბუ ბჭ
ბობ ბოზ ბოკ ბოლ ბომ ბონ ბორ ბოს ბოღ ბოყ ბოხ

ბორჯღალა

ქართული ავეჯის დამახასიათებელი ელემენტი. ბორჯღალაში გამოხატულია ბრუნვის იდეა, იგი სათავეს იღებს ბოლოშეხრილი ჯვრებისა და სვასტიკის ჯგუფის გამოსახულებებიდან და განასახიერებს მარადიულ ტრიალს, კავკასიის არქეოლოგიურ მასალებში ბორჯღალით შემკული ნივთები შუა ბრინჯაოს ხანით თარიღდება. ერთი ასეთი საუკეთესო ბორჯღალა გამოსახულია ბორჯომის ხეობაში აღმოჩენილ ბრინჯაოს დისკოზე, რომელიც თარიღდება ძვ.წ.ა. XIII ს.-ით. ბორჯღალების უძველესი ნიმუშები ქართულ ეთნოგრაფიულ სინამდვილეში გვხვდება: დედაბოძზე, კერაზე, საოჯახო დგამ-ავეჯზე, ბუხარზე, სარიტუალო პურის საბეჭდავებზე და სხვა. შენიშნულია, რომ ბორჯღალა საერთო დეკორატიულ ორნამენტში გამოირჩევა დიდი მოცულობითა და მინიშნებით, რომ იგი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. ბორჯღალას ფრთების რიცხვი დაკანონებული არაა. თანაბარზომიერი ფრთები გამოდიან ცენტრიდან ერთი მიმართულებით და წარმოსახავენ ტრიალს, ზოგჯერ ბორჯღალა ჩახატულია წრეში, რაც მას ასტრალურ სიმბოლიკასთან აკავშირებს, კერძოდ, წრე ძველ ხელოვნებაში გაიგებოდა მზისა და ცის მნიშვნელობით (მაგ., ქართულ სინამდვილეში ამის საუკეთესო გამოხატულებაა სიტყვა „ცარგვალი“). ბორჯღალაც ასეთ შემთხვევაში გაიგება ცისა და განსაკუთრებით მზის მნიშვნელობით და ამდენად, იგი ნათებისა და სიმხურვალის ასტრალურ ნიშანსაც წარმოადგენს, რომელიც გამუდმებით ტრიალებს თავისი ცენტრის გარშემო. ბორჯღალა არის უნივერსალური სიმბოლო, რომელიც კავკასიის გარდა გავრცელებულია მსოფლიოს მრავალ ხალხთა კულტურაში.
ლიტ.: ი. სურგულაძე, ქართული ხალხური ორნამენტის სიმბოლიკა, 1993.
თ. ნ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9