გა გე გვ გი გმ გნ გო გრ გუ
გეი გელ გემ გეო გერ გეჯ

გელაზი

მთლიანი ბორბალი, გამოთლილი ბაზალტის ქვისგან. გელაზი ზეთსახდელის, საზეთე წისქვილის მოძრავი სამუშაო ნაწილია. გელაზი შუაში ოთხკუთხედაა ჩაჭრილი. ნახვრეტში გაყრილ ჰორიზონტალურ ღერძის ერთ ბოლოზე უღელს ამაგრებდნენ და გამწევ ძალას აბამდნენ.
გელაზის გარე პირის დიამეტრი შიდაზე მეტი იყო, რის გამოც სამუშაო პირის ძგიდე ირიბად იყო აჭრილი და ქვის ფილებით მოპირკეთებული წრიული კალოს დახრილობას შეესაბამებოდა. უღელში შებმული გამწევი ძალა ურმის თვალივით ცერზე შეყენებულ ბორბლის კალოს ირგვლივ აგორებდა. გელაზის ქვით ხდებოდა სელის მარცვლის დაქუცმაცება-დაფქვა, დაგელაზება და შემდეგ ზეთის გამოხდა.
გელაზები უმეტესად დიდი ზომისაა. მათი დიამეტრი მეტრნახევრიდან დაწყებული ორ მეტრს აჭარბებდა (ს. ალასტანში გელაზის დ-2მ. 30სმ., ს. ტურცხში 2მ. 12სმ., ს. წყალთბა - 2მ. 25სმ., (სამცხ.-ჯავ.).
გელაზის ზედაპირი შემკული იყო სხვადასხვა რელიეფური მოტივებით. აღსანიშნავია საქართველოს სახ. მუზეუმის ქვის ფონდში დაცული ს. გუნიაყალადან ჩამოტანილი გელაზი. იგი ყურადღებას იქცევს მხედრული წარწერის ფრაგმენტით, რომელშიც გარკვევით ამოიკითხება „გელაზი ჩვენ ავგაროზიშვილებმა“ - რაც უნდა მიუთითებდეს ამ ნივთის ან ავგაროზიშვილთა კუთვნილებაზე ან მის გამომკვეთ ხელოსნებზე. ამავე გელაზზე გამოსახულია გუთნეული და მის უკან მიმყოლი კაცი.
გელაზები ძირითადად გავრცელებული იყო საზეთე სელის ინტენსიურად გავრცელების არეალში (სამცხეჯავახეთი, თრიალეთი). აღმოჩენილ გელაზთა შორის ყველაზე ადრეულია მესხეთში მიკვლეული გელაზის ნაშთები.
ლიტ.: გ. ჩიტაია, გელაზი, ძმ. № 20, 1970. ლ.მოლოდინი, ქართველი ხალხის მატერიალური კულტურის ისტორიიდან (ხალხური ზეთსახდელი იარაღები) 1963.
ლ. მ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9