ყუთი, კოლოფი, საფლავის ქვა, საბას განმარტებით, გუადრუცი არის ფიცრის კოლოფი, „დიდი გინა მცირე,“ ხოლო მეორე მნიშვნელობით - „მაღლა ნაგები საფლავი“. ხალხურ მეტყველებაში იგი აღნიშნავს - ყუთს, კიდობანს, სადაც ქალები ინახავდნენ სამკაულებსა და ხელსაქმის იარაღებს. ეს სიტყვა სახარებაში ყულაბის მნიშვნელობითაც იხმარება: იუდას ჰქონდა შენახული პირველ ქრისტიანთა საერთო თანხა; „გუადრუცი იგი მას აქუნდა და შთასადებელი იგი მას ჰკიდავნ“ (იოვ. 12:6). ქრისტიანობის განმტკიცების შემდგომ ასეთი ყუთები განსაკუთრებულად დაიხვეწა და ისინი იქცა ძვირფასი რელიკვიების დასაცავ ჭურჭელად. მაგ., გოლგოთაზე მიკვლეულ ქრისტეს ჯვრის ნაწილებს დედოფალმა ელენემ შეუქმნა „გუადრუცი ვერცხლისაÁდა შთადვა იგი“. შემდეგ გუადრუცი იქნა გამოყენებული წმინდა ნაწილების დასაცავ ჭურჭელად და იგი გახდა სინონიმი ლარნაკისა. გიორგი მთაწმინდელმა ექვთიმეს წმინდა ნაწილები „მშვენიერ გუადრუცში“ ჩაასვენა და ატარებდა მას ხალხის სანახავად. მოგვიანებით, ტერმინმა ტაგრუცი შეიძინა საფლავის ლოდების მნიშვნელობა, რადგან ასეთი ლოდები მიმსგავსებული იყო ტაგრუცისებრ ყუთებს. ამას ითვალისწინებს საბას განმარტება, როცა ტაგრუცს ნაგებ მაღლა საფლავად წარმოგვიდგენს.
ლიტ.: ე. ნადირაძე, ხალხური ქვითხუროობა იმერეთში, 2001.
ე. ნ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3, 200 ც.