გა გე გვ გი გმ გნ გო გრ გუ
გვა გვი გვრ

გვირგვინი

  1. ზოგადი სახელია თავის შემკულობისა, არის სხვადასხვა ფორმისა და მასალისაგან დამზადებული. გამოიყენებოდა უხსოვარი დროიდან მსოფლიოს თითქმის ყველა ხალხებში.
    ლიტ.: ც. ბეზარაშვილი, ქალის სამოსელი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, 1974.
    ც. ბ.
    ე.ნ
  2. გვირგვინი, იალქანი, თაჯი-აქ: რიტუალური თავდასადგამი, ქალ ვაჟთა საქორწინო თავსაბური. მასალად გამოიყენებოდა სხვადასხვა სახის ფერადი ძაფები (მათ შორის უპირატესობა ეძლეოდა ოქროსფერსა და ვერცხლისფერს) და ხის ნაწილები.
    შედგება ხის რგოლისა და თანაბარი მანძილით დაცილებული რამდენიმე გრძელი ტოტისაგან, რომლებიც შედგენილი არიან ფერადი ძაფებით შევსებული ხის პატარა ბურთულებისაგან. ტოტების ბოლოში მძივებით გაწყობილი ფოჩები კიდია. გვირგვინზე შუბლის სწორად ამავე წესით შესრულებული ჯვარია გამოსახული.
    როგორც წესი, ჯვარი ეკლესიაში უნდა დაეწერათ და მღვდელი იყო გვირგვინის თავზე დამდგმელი. იქ, სადაც ეკლესია არ იყო, ამ ფუნქციას ხატის მსახურები ასრულებდნენ. თუ მექორწილე წყვილს საკუთარი გვირგვინი არ ჰქონდა, მაშინ დაქირავება უწევდათ. პატარძალს გვირგვინი ქორწილის დამთავრებამდე არ უნდა მოეხადა, გვირგვინების მოხდის ცერემონიალი კი ბევრი ძველქართული წესის თანხლებით სრულდებოდა. ასე, მაგალითად, ფშავში, ქორწილის მესამე დღეს „საწაღმართოს“ გადაიხდიდნენ, დაკლავდნენ საკლავს და სუფრასაც ხელახლა გაშლიდნენ. შუადღისას ნეფიონი ადღეგრძელებდა ნეფე-დედოფალს და მეჯვარე ხანჯლის წვერით ჯერ ნეფეს მოხდიდა თავიდან გვირგვინს და მერე დედოფალს. გვირგვინმოხდილ ნეფეს გაქცევით უნდა ეშველა თავისათვის, წინააღმდეგ შემთხვევაში მაყრებისათვის ერთი ხელადა არაყი უნდა მიერთმია. გვირგვინის ახდის შემდეგ ქალის მაყრები მოითხოვდნენ სამაყროსა და სამდადოს. თუშეთში, ქორწილის დასასრულს, პატარძალს იმ ოთახში შეიყვანდნენ, სადაც მხოლოდ ქალის მაყრები იყვნენ თავმოყრილი. გვირგვინის ახდის წესის დამთავრების შემდეგ მაყრები მოითხოვდნენ საფურე ხბოს, დედალ თოხლს, ან ძროხას და შემოთავაზებულს ყურს პატარძლის სახელზე აუხევდნენ, ე.ი. პატარძლის საკუთრებად ცნობდნენ.
    გვირგვინის წარმოშობა დაკავშირებული ჩანს დიადემასთან, რომელიც ეტრუსკულ სამყაროშია საძებნელი. პატარძლის გვირგვინს ძველ საქართველოში „იალქანი“ ერქვა.
    ლიტ.: ც. ბეზარაშვილი, ქალის სამოსელი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, 1974.
    ც. ბ.
    ე.ნ
    Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9