აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აყ აშ აჩ აც აჭ ახ აჯ
ავა ავგ ავე ავლ ავშ

ავგაროზი

ნივთი, რომელსაც სამკურნალო ძალა ან მფარველის თვისებები მიეწერებოდა. ეთნოგრაფიულ ყოფაში ავგაროზებად იმ ნივთების გამოყენება ჩანს, სადაც ლოცვები ან ჯადოსნური სიტყვები იყო ჩაწერილი ან ჩამაგრებული.
ტერმინი ავგაროზი უკავშირდება იესო ქრისტეს აპოკრიფული წერილების ადრესატს ედესის მმართველ ავგაროზს. ძველად ნაწყვეტებს ამ წერილებიდან ქაღალდზე დაწერდნენ, ოთხად მოკეცავდნენ და ახალუხის სახელოსთან მიიკერებდნენ. დღემდე, ზოგიერთი მორწმუნე მართლმადიდებელი ქრისტიანი, ავგაროზს, ლოცვებთან ერთად ყოველთვის თან ატარებს, რათა დაიცვას თავი „ხილული და უხილავი მტრისაგან და ყოველგვარი გრძნეულობათაგან“.
ს. ჯანაშიას სახ. მუზეუმში ავგაროზების მეტად საინტერესო კოლექციაა დაცული. ყველა ეს ნივთი წარმოადგენს ნაჭერში ან ტყავში გახვეული შელოცვების, მაგიური ფორმულებისა და ლოცვების ტექსტებს. ხალხის რწმენით, დაცვითი ფუნქციის გარდა მათ განკურნების ძალაც მიენიჭებოდა. ეს რწმენა იმდენად ძლიერი იყო, რომ არც სარწმუნოებრივი და არც ენობრივი სხვაობა არ უშლიდა ხელს კავკასიაში მცხოვრებ ხალხებს ერთმანეთის ავგაროზები გამოეყენებინათ. ცნობილია, რომ სვანებს ბალყარეთიდან გადმოჰქონდათ ტყავის ბუდეში ჩასმული შესალოცი ქაღალდი „დუა“ და ავი თვალისაგან დაცვის მიზნით ატარებდნენ კისერზე ჩამოკიდებულს ან იკერებდნენ ტანსაცმელზე. ბორჩალოელი თათრები განკურნების მიზნით ქართულ ლოცვა ჩაკერებულ ავგაროზს ატარებდნენ.
მ.ხ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9