ფა ფე ფთ ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ ფჩ
ფად ფაზ ფათ ფალ ფამ ფან ფარ ფას ფაფ ფაც

ფარი

თავდასაცავი იარაღი. ქართული ფარები ფორმების მიხედვით ძირითადად მრგვალია, ფარის ასეთი ფორმა ძველთაგანვე მომდინარეობს და საქართველოში არქეოლოგიური მასალითაც დასტურდება. (კაჭრეთის რ-ნში აღმოჩნდა ბრინჯაოს მრგვალი ფორმის ფარი ძვ.წ. აღ. XII-XIV სს.), დამზადების ტექნოლოგიის (მასალის) მიხედვით გამოიყოფა სამი ტიპი: ხის ფარი ტყავგადაკრული, ტყავის ფარი ლითონითვე შეკრულ-შეჭედილი და ლითონის ფარი ლითონითვე შეკრულ-შეჭედილი. ასეთია მაგალითად ხევსურული ფარი, რომლის მასალად გამოიყენებოდა ტყავი და ლითონი. ფარის ტყავ-ლითონი ერთმანეთთან მჭიდროდ არის მიკრული ლითონის თავკოპლიანი და ბოლოგაბრტყელებული სამსჭვლებით. ფარის დამზადება დიდ დახელოვნებასა და გამოცდილებას მოითხოვდა. ხევსურები ფარის დასამზადებლად იყენებდნენ ხარის გავის „ნეჯების“ ტყავს. არსებობდა აგრეთვე დიდი ზომის ფარი (დელამფარი), რომელიც სხვადასხვა თქმულებებსა და ხალხურ პოეზიაშიც დასტურდება. მაგ., „გადაჯე თავის ლურჯასა, აიღი დელამფარია“. ფარის აღმნიშვნელ ტერმინად ძველ ქართულში გვხვდება „დარაკა“. საბას მიხედვით „ვეშაკაპანიც“ ფარის ერთ-ერთი სახეობაა.
ნაციონალური ფარის ორიგინალურ ნიმუშს წარმოადგენს სვანური ფარი, რომელიც 1925 წელს სვანეთიდან, სოფ. სასაშის ეკლესიიდან ჩამოიტანა გ. ჩიტაიამ. აღნიშნული ფარი XVI-XVII საუკუნეებით თარიღდება. ფარი ტყავისაა, რომელიც ხეზეა გადაკრული. მისი დიამეტრი 50 სმ-ია. ტყავზე სხივთა კონად განლაგებულია ლითონის წვრილი ზოლები, რომლებიც თავს იყრის ფარის ცენტრში, ლითონის გუმბათში, რაც ერთად აღებული მზის სახეს ქმნის. ლითონის წვრილი ზოლები ტყავში ჩამაგრებულია სამ-სამი სამსჭვალით. სამსჭვლების ადგილი წარმოადგენს ოთხკუთხა ფორმის ფირფიტებს, რომელიც თავის მხრივ ქმნის სამ კონკრეტულ წრეს. ფარს კიდეზე შემოვლებული აქვს ლითონის კოპლები. ფარს შიგნითა მხარეს აქვს ტყავის სახელური - საბღუჯი. ეს ფარი სვანებს ეკლესიის კედელზე ჰქონდათ ჩამოკიდებული და როგორც საკრალურ ნივთს ინახავდნენ, მხოლოდ დღესასწაულებზე გამოჰქონდათ გარეთ და ისარს ესროდნენ. ფეოდალური საქართველოს ოჯახების ცენტრალური კედლის მთავარ მორთულობასაც ფარ-ხმალი წარმოადგენდა, რაც იარაღისადმი განსაკუთრებულ მოწიწებას უსვამს ხაზს.
შუა საუკუნეების არაბი ავტორები აღმ. საქართველოს ერთ ნაწილში ასახელებენ „ყარაყალღანების“ ომს (ქართულად - „შავფაროსანი ხალხი“). ხევსურული ფარის დამზადების ტექნოლოგიისა და ფორმის მიხედვით საფიქრებელია, რომ ყარაყალღანების ქვეშ აღმოსავლეთ მთიანეთის მოსახლეობა, კერძოდ ხევსურები, ივარაუდებოდეს. მით უმეტეს, რომ XVII საუკუნეში არაგვის ხეობებში მცხოვრებ ხალხს ყარაყალღანებს უწოდებდნენ.
ლიტ.: კ. ჩოლოყაშვილი, ქართული საბრძოლო იარაღები, მმ. ტ. XVIII, 1954. სულხან-საბა ორბელიანი, „ლექსიკონი ქართული“, 1991. ივ. ჯავახიშვილი, მქემკი. 1964.
მ. ქ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9