საზოგადოებრივი და საცხოვრებელი ბინის მოსაწყობი ნივთები, დგამი. ძირითადად არსებობს ორი სახის ავეჯი: საყოფაცხოვრებო და სპეციალური. საყოფაცხოვრებო ავეჯს განეკუთვნება: სკამი, სავარძელი, მაგიდა, კარადა, საწოლი, ტახტი და ა.შ. სპეციალურს - სათეატრო, სასკოლო, საბიბლიოთეკო და სხვა დგამი.
ქართული ხალხური ავეჯი საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა. მას თვალსაჩინო ადგილი უჭირავს ქართული ხითხუროობის ხელოვნებაში, გამოირჩევა თავისი კონსტრუქციით, მხატვრული შემკულობით, ახასიათებს ლაკონიურობა, ფუნქციის ზედმიწევნით გათვალისწინება, ეროვნული კოლორიტი.
ქართული ხალხური ავეჯი დანიშნულების მიხედვით რამდენიმე ჯგუფად იყოფა. ესაა: საწოლი, სასხდომი, სატრაპეზო და სათავსებელი ავეჯი. განსაკუთრებით მრავალფეროვანია საწოლად (საძილედ) განკუთვნილი დგამის ნაირსახეობანი: სკამლოგინი, ტახტი, საწოლი, მერხი (მეხი), აკვანი, ლაჭანი. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში საწოლად იყენებდნენ წნულ ავეჯსაც (ჩაფი, ჯინი). საწოლი ავეჯის აღსანიშნავად ქართულ წერილობით ძეგლებში X ს-მდე „სარეცელი“ და „ცხედარი“ გვხვდება, შემდეგ „სარეცელს“ „ტახტი“ ენაცვლება.
სასხდომი ავეჯიდან აღსანიშნავია სამამაცო (საკაცო) სკამი, სავარძელი (საკარცხული, საუფროსო სკამი, მარტო სკამი), კერის სკამები - „ჩიკა“, „ჩიტა“ (სამფეხა) და სხვ. სკამი წერილობით წყაროებში სასხდომი ავეჯის სხვა სახელებთან (სელი, დასაჯდომელი) ერთად იხსენიება (ვეფხისტყაოსანი, „ხელმწიფის კარის გარიგება“ და სხვ.). სიტყვა „სკამი“ (სამამაცო სკამი) ძველად „მრავალთ სასხდომელ“ ავეჯს აღნიშნავდა. სავარძელი ნახსენებია ოშკის ბიბლიაში. ქართულ ეთნოგრაფიულ ყოფაში გავცელებულ სავარძელთაგან თავისი დანიშნულებითა და დახვეწილი ფორმებით სვანური „საკურცხილი“ გამოირჩევა. იგი ოჯახის უფროსის საპატიო სკამი იყო.
სატრაპეზო ავეჯია ხონჩა-ტაბლები. პურობისათვის განკუთვნილი ტაბლა, მაგიდის მნიშვნელობით იხმარებოდა. ეთნოგრაფიულ ყოფაში სხვადასხვა მოყვანილობისა და დანიშნულების სუფრები გვხვდებოდა: ხევსურული ტაბლანი, მთიულური ტაბლა, თუშურ-ფშაურ-მოხევური ხონჩა, რომელიც სამ ან ოთხფეხიანი იყო. თუშეთში ხონჩას დანიშნულების მიხედვით განასხვავებდნენ. „საკეტავიანი ხონჩა“ სასტუმრო იყო, სახორცე ხონჩა კი სვანური „ლაზრულ ტაბაგის“ მსგავსად მხოლოდ ხორცის დასადებად იხმარებოდა. მთიულეთ-გუდამაყარში სამფეხა მრგვალი ტაბლა გვხვდება. ამგვარ სუფრებს განეკუთვნება სვანური„ფიჩქიც“.
მრავალფეროვანია სათავსებელი ავეჯი - კიდობანი, სკივრი, ზანდუკი, ხელყუთები (ტაგრუცი, კროჭი, მაქალოზი), აგრეთვე კედლებში ჩაშენებული თარო-ბუჯერები და სხვა. კიდობანი ხის ავეჯის ყველაზე გავრცელებული სახეობაა. „ვეფხისტყაოსანში“ იგი იარაღის სათავსისა და ტახტრევანის მნიშვნელობითაც იხსენიება. ხევსურეთსა და თუშეთში კიდობანს კარადის მსგავს რამდენიმე განყოფილებიან დგამს უწოდებენ. დღეს კიდობანი უმთავრესად მარცვლეულის შესანახად იხმარება (მაგალითად, „სულადის კიდობანი“).
ქართული ხალხური ავეჯის ერთ-ერთი თავისებურებაა ორნამენტაცია, ანუ „დაჭრელება“. ორნამენტი („ჭრელი“) ავეჯის მეტად დამახასიათებელი კომპონენტია და თავდაპირველად ძველ ხალხურ რწმენაწარმოდგენებს უკავშირდებოდა, დღეს კი მხოლოდ ნივთის დეკორატიულ გაფორმებას ემსახურება. ხალხური ავეჯის ჩუქურთმის ძირითადი მხატვრული მოტივები იყო: „ბორჯღალა“ (მზე), „ხუთა“ (ვარსკვლავი), „ხატი“(ჯვარი) და სხვ.
ხალხური ავეჯის ზოგიერთი სახეობა დაკავშირებული იყო ისეთ ჩვევებთან, როგორიცაა უფროსების პატივისცემა და სტუმარმასპინძლობა. მაგალითად, ოჯახის უფროსის, საპატიო სტუმრისა და დიასახლისის სკამები კერასთან საპატიო ადგილას იდგა. მამაკაცებისათვის განკუთვნილი მერხის ადგილიდან დაძვრა იკრძალებოდა და ოჯახის გაყრისას ოჯახში რჩებოდა. კერის მარჯვენა მხარეზე საკაცო მერხი იდგა, მარცხენაზე კი საქალო. კერის გამიჯვნა საკაცო და საქალო მხარეებად გამოწვეული იყო ოჯახში შრომის დანაწილებით.
ლიტ.: ლ. ბედუკაძე, ხალხური ავეჯი აღმ. საქ. მთიანეთში, 1973.
ლ.ბ
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3