გა გე გვ გი გმ გნ გო გრ გუ
გობ გოგ გოდ გოზ გოთ გომ გონ გორ გოჯ

გოგრიჭი

(რაჭ.) - ქვის სასროლი იარაღი. წარმოადგენს მახრიღლივ გადასაკიდებელ ღვედს, რომელსაც მიბმული აქვს ძუა-ჭაპანი და ზედ ასხმულია გახვრეტილი მრგვალი ქვები, რომლებთაც გოგრიჭები ეწოდება. სასროლად მსროლელი ხმარობდა არა მარტო ბუნებაში შემთხვევით ნაპოვნ გახვრეტილ ქვებს, არამედ ხელოვნურად დამზადებულსაც, ე.ი. გაჩარხულ ქვებს. გოგრიჭები იჩარხებოდა ადვილად დასამუშავებელი ქვის ჯიშებისგან. ამზადებდნენ გამომწვარი თიხისგანაც. გამოწვამდე შუაში ჯოხს უყრიდნენ, რის გამოც ნახვრეტი რჩებოდა, გოგრიჭები მზადდებოდა სხვადასხვა ფორმის: მრგვალი, კვერცხისებური, წვეთურა და სხვა. სცოდნიათ აგრეთვე თიხის გოგრიჭებში კაჟის ქვების ჩაყოლებაც (გამოწვამდე), რომელსაც „ბუძგა გოგრიჭი“ ერქვა. ყველაზე უფრო კარგი მიზანში სასროლად წვეთურა ფორმის გოგრიჭი ყოფილა. უკანასკნელ ხანებში ქვის სროლის ეს მეთოდი ბავშვთა თამაშის ელემენტი გამხდარა და მას გოგრიჭობანას უწოდებდნენ. როგორც ეთნოგრაფიული მასალით ირკვევა, გოგრიჭს ძველად სერიოზული საბრძოლო გამოყენება ქონია, ეს იარაღი გაწაფული მეშურდულის ხელში, დიდი სიზუსტით და ზედიზედ მიყოლებით, ქვის მტერზე დაშენის საშუალებას იძლეოდა, ახლო მანძილზე ცხენზე ამხედრებული მხედრისთვის გოგრიჭი უკვე მოსაქნევ-ჩასარტყმელი საშუალება ხდებოდა. ძუა-ჭაპანის ბრუნვის რადიუსი მსროლელს საშუალებას აძლევდა, შეექმნა დიდი სიხშირის მაბრუნებელი ძალა, რაც გასროლილ გოგრიჭებს მაღალ საწყის აჩქარებას აძლევდა.
ლიტ.: ა. გიორგობიანი, ქვის კულტი და ქვის საბრძოლო იარაღები, გაზ. „რაეო“ 1997.
მ. ქ.
ე.ნ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9