გა გე გვ გი გმ გნ გო გრ გუ
გობ გოგ გოდ გოზ გოთ გომ გონ გორ გოჯ

გორდა

ქართული ხმლის სახეობა, რომელზედაც გორდას დამღად ცნობილი ნიშანი იყო გამოსახული. დამღა წარმოადგენს - ორ ნახევარმთვარისებურ, ერთმანეთთან ზურგშექცეულ, დაკბილულ რკალს, შუაში ლათინური წარწერით: „GENUA“. ეს დამღა როგორც სამეცნიერო ლიტერატურაშია ცნობილი, თავდაპირველად ეკუთვნოდათ (XIII-XIV) გენიუს ქალაქ-სახელმწიფოს ხელოსნებს, ხოლო მოგვიანებით (XVIXVII) მას ავსტრიელი ოსტატებიც იყენებდნენ, ისინი მიზანმიმართულად აღმოსავლეთისათვის მუშაობდნენ. საქართველოში გორდა ხმლები XIII-XIV სს-შივე იყო ცნობილი, ამას ამტკიცებს ის გარემოება, რომ გენუელ ვაჭრებს შუა საუკუნეებში საქართველოს ტერიტორიაზე გახსნილი ჰქონდათ სავაჭრო ფაქტორიები და სხვადასხვა ნედლეულთან ერთად, ხმლის პირებითაც ვაჭრობდნენ. არსებობს მოსაზრება, რომ გენუელებმა საქართველოდან წაიღეს მაღალი ღირსების გორდა ხმალი და ამ დამღამ შემდგომ საერთო ევროპული აღიარება მოიპოვა, ამ მოსაზრებას ზურგს უმაგრებს ლეგენდა, რომ საქართველოში სოფ. გორდაში ცხოვრობდა ხელოსანი, რომელმაც გამოჭედა საუკეთესო ხმალი, რომელიც შემდეგ გორდა ხმლის სახელით ახდა ცნობილი (ჩვენთან დღესაც არსებობს სოფ. გორდი, სახელი გორდა და გვარი გორდაძე).
სხვა ლეგენდით ორი ხმლის ოსტატი წაკამათებულან ერთმანეთთან, თუ ვისი ხმალი იყო საუკეთესო, პირველმა - ხმლის მაღალი ღირსების დასამტკიცებლად ცხვარი ერთი მოქნევით შუაზე გაკვეთა, მაგრამ მეორემ არ აღიარა იგი. გაცეცხლებულმა პირველმა მჭედელმა დაიღრიალა გურ-და (რაც ერთ-ერთ კავკასიურ დიალექტზე ნიშნავს „შეხედე“) და შუაზე გაკვეთა თავის ხმლიანად „ურწმუნო“ ოსტატი. ამ ფაქტის შემდეგ მოკლულის ნათესავებმა ადათის მიხედვით სისხლის აღება გადაწყვიტეს, მაგრამ უხუცესთა კრებამ სხვა განაჩენი გამოიტანა, მათ ვერ გაიმეტეს საუკეთესო ოსტატი სასიკვდილოდ და დაავალეს, რომ ყველა მოსისხლესათვის ასეთივე ხმალი დაემზადებინა. მჭედელმა შეასრულა თავის დავალება და თავის ადრინდელ დამღაზე, რომელზედაც გამოსახული იყო ზედა და ქვედა ყბა (სქემატურად ზურგშექცეული დაკბილული რკალები, ნიშნად იმისა რომ ხმალი ისე კვეთდა რკინას, როგორც კბილები ძვალს), გარშემო დაუმატა წერტილები, სიმბოლურად სისხლის წვეთები, იმის აღსანიშნავად, რომ ხმლები სისხლის საფასურს წარმოადგენდა.
საქართველოში არ მოგვეპოვება შუა საუკუნეების გორდა ხმლის პირები. ქართულ ეთნოგრაფიულ ყოფაში კი დღესაც მოიძებნება ქართული და ევროპული გორდა ხმლები. მათი გარჩევა ერთმანეთისაგან ფოლადის ხარისხითა და მორთულობის დეკორით შეიძლება. გორდა ხმლის პირებს საქართველოში ხშირად ვადაჯვრიან, ტარებს უგებდნენ, მაგრამ ვხვდებით შაშკა(იხ) ხმლის, ანუ „ჭოლაური“, „ლეკური“ ხმლის ტარზეც. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ გვიანფეოდალურ საქართველოში ქართველი ოსტატები თავიანთ გამოჭედილ ფოლადის პირზე (რომლის რეცეპტიც საიდუმლოდ ინახებოდა და თაობიდან-თაობას გადაეცემოდა), ხშირად სვამდნენ იმ დროისთვის კავკასიაში პოპულარულ გორდას დამღებს. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის მთელ კავკასიაში ხმარობდნენ ამ დამღას, ქართული გორდა ხმლები მაინც გამორჩეული და თვითმყოფადია თავისი მორთულობითა და ფოლადის ხარისხით.
ლიტ.: Э. Аствацатурян , ОРУЖИЕ НАРОДОВ КАВКАЗА, москва-нальчик 1995.
მ. ქ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9